მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატები არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოსაძიებლად პროკურატურას მიმართავენ - ჯიშკარიანი

გამოქვეყნდა:

ცენტრ "ემპათიას" ექსპერტებს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად ციხეში შესვლის უფლება ამ დრომდე არ ეძლევათ. მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ეს კანონის დარღვევაა, რადგან პაციენტს აქვს უფლება ალტერნატიული აზრი მოისმინოს, ასევე, ჩაიტაროს ექსპერტიზა. 

"ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატებს მიმართა, ისინი კი პროკურატურას მიმართავენ, რათა მესამე პრეზიდენტის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს.

"თქვენ იცით, რომ ახალ გარემოებებს ჰქონდა ადგილი გორის ჰოსპიტალში, ასევე, მიმდინარეობს არაადეკვატური მკურნალობა, ჩვენი მოსაზრებით, შესაბამისად, ვითხოვთ დაშვებას დაუყოვნებლივ მიხეილ სააკაშვილთან. მივმართეთ უკრაინაში ადვოკატებს და მათი დაცვის სტრატეგია ასეთია, რომ ისინი მიმართავენ მთავარ პროკურატურას უკრაინაში, რათა დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა. 

"ემპათიას" დასკვნას, სადაც დეტალურად არის საუბარი მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობისა და მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე უკრაინელი ადვოკატები საგამოძიებო უწყებას უახლოეს დღეებში მიაწვდიან. ეს დასკვნა ასევე დაერთვება საქმეს, რომელიც უკვე არის გაგზავნილი სტრასბურგის სასამართლოში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა არც მის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს. რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი