"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან ჰქონდათ შეთავაზება ე.წ. ფულის გათეთრების საქმის "დამთავრებასთან" დაკავშირებით. ამ თემაზე მან დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრა და თქვა, რომ ივანიშვილს სურს, მასთან ყველა ან ვალში იყოს, ან "შავ სიაში" მოხვდეს.
მისივე თქმით, ივანიშვილის პოლიტიკაა, რომ რაც უფრო გაღატაკებული იქნება ქვეყანა, მით უფრო მარტივად მართავს მას.
"ეს არის პოლიტიკური ვენდეტა. აქვე გეტყვით, რომ შემოთავაზებაც გვქონდა, მე მგონი შარშან, იქნებ დავამთავროთო, ბიძინა ივანიშვილისგან, იმიტომ, რომ მას რა უნდა იცით? რომ ყველა მასთან იყოს ვალში, ეს უნდა მას. ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო გაშავებული მის სიაში, რომ ყოველთვის კომპრომატი ჰქონდეს მას შენზე სამოქმედოდ. მან მოახერხა ეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხა ეს, სუს-ის მეშვეობით, მოსყიდვის მეშვეობით, ვიღაცაზე კრედიტების მიცემის მეშვეობით, ჩინოვნიკებზე მაქვს საუბარი, მერე თეთრი კონვერტებით ფულით ანაზღაურების მეშვეობით, ეს ყველაფერი რეალობაა. ჩვენ ამ ქვეყანაში სიმართლეს თუ არ ვიტყვით, ვიქნებით ამ ჭაობში, მე არ მინდა ჭაობში ყოფნა, დარწმუნებული ვარ, არც თქვენ გინდათ, მაგრამ ჭაობის გაწმენდა იწყება ანკარა წყაროთი და ანკარა წყარო ამ შემთხვევაში, არის სიმართლის თქმა, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს სიმართლე და თუ არ ვიტყვით ამ სიმართლეს, ვიქნებით ასეთი დაჩაჩანაკებული", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, სასამართლო ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ, 12 იანვარს, 11:00 საათზე გამოაცხადებს. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ბრალდებულებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.