მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მომზადებული კრიტიკული დასკვნის შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორს სასამართლოში ამჯერად პენიტენციური სამსახური უჩივის. უწყება მისთვის გამოწერილ 2 000-ლარიან ჯარიმას აპროტესტებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.
"ჩვენი გადაწყვეტილება ემყარება მტკიცებულებებს, მოცემულობას, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, კანონმდებლობას, შესაბამისად მოლოდინი იმისა, რომ სასამართლო ამ გადაწყვეტილებას გააუქმებს, ობიექტური და გონივრული მოლოდინი, არ გვაქვს და იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო ძალაში დატოვებს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას", - ამბობს ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი, ჯონი ჩონიაძე.
მისივე თქმით, თუ სასამართლო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაშიც გააუქმებს, ეს გადაწყვეტილებაც ზედა ინსტანციაში გასაჩივრდება.
ცნობისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მანამდე სასამართლოში იუსტიციის სამინისტრომაც უჩივლა და სასამართლოს ძალით გააბათილა დაკისრებული 500-ლარიანი სანქცია. საუბარია რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის იძულებით გადაყვანის კადრების გავრცელებისთვის დაკისრებულ ჯარიმაზე. მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში 2021 წლის 8 ნოემბერს გადაიყვანეს.