მმართველი გუნდის წევრები ბიძინა ივანიშვილს ეკეკლუცებიან - არჩევნების მოახლოებასთან ერთად უმრავლესობის ლექსიკა განსაკუთრებით მძიმდება. ქართული ოცნების ლიდერები ოპოზიციას შეურაცხმყოფელი ეპითეტებით იხსენიებენ. ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას ძროხები უწოდა, პრემიერი კი ამბობს, რომ მისი ოპონენტები ტოქსიკურები არიან.
ოპოზიციის მოსაზრებით, ივანიშვილის გუნდის მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების ერთადერთი დანიშნულება ოლიგარქის წინაშე კუკლუცობაა.
სიძულვილის ენა, უხეში ენა, მდაბიო ენა, პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი ენა, ამ რვა წლის განმავლობაში ფაქტობრივად იყო ქართული ოცნების პოლიტიკური ლექსიკის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი. ეტყობა ეს მოსწონს მათ არაფორმალურ მმართველს, თორემ მას რომ არ მოსწონდეს, მის გარეშე აქ ბუზიც ვერ გაიჭაჭანებს, - ამბობს საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყანა მაშინ ზარალდება, როდესაც განსხვავებული აზრის გამო საზოგადოების მტრებად დაყოფა ხდება.
ნაკლებად მაწუხებს ასეთი სიმპტომატური სიბრიყვეები, კობახიძის, გახარიასი ან ნებისმიერი კლოუნის ივანიშვილის. უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რა სიგნალს უგზავნიან ისინი საზოგადოებას. ეს არ არის პოლიტიკური კონკურენცია, თუნდაც მწვავე, ეს არის მტრობა, - ამბობს გიგა ბოკერია.
ოპოზიციის თქმით, მთავრობის წარმომადგენლებს არ აინტერესებთ, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე ქართული საზოგადოება.
ახლა ყველა ეკეკლუცება ბიძინა ივანიშვილს. ვინც უფრო უზრდელად, უხეშად, აგრესიულად მოიქცევა ოპოზიციის მიმართ, ჰგონიათ, რომ მის შექებას დაიმსახურებს, იმიტომ რომ ელოდებიან საარჩევნო სიას, - ამბობს ეკა ბესელია.
დამოუკიდებელი დეპუტატის მტკიცებით, ეს ყველაფერი მხოლოდ საარჩევნო სიაში მოხვედრის სურვილით ხდება.