უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სამშობლოში დაბრუნდა - კიევის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას ინციდენტი მოხდა. პოროშენკოს უფლებადამცველების განმარტებით, პოლიცია ყოფილი პრეზიდენტისთვის ხელის შეშლას და მის დაკავებას ცდილობდა, თუმცა ინციდენტი მალევე ამოიწურა.
პოროშენკოს აეროპორტის გარე ტერიტორიაზე ათასობით მხარდამჭერი დახვდა, რომელთაც სიტყვით მიმართა და დახვედრისთვის მადლობაც გადაუხადა.
ცნობილია რომ აეროპორტიდან პოროშენკო პირდაპირ კიევის სასამართლოში მივა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მისი დაკავების ორდერი გასცა.
შეგახსენებთ, უკრაინის პროკურატურა მეხუთე პრეზიდენტს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებს. სასამართლომ სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის ქონება და აქტივები დააყადაღა.