
ვინაიდან რუსეთი აგრძელებს დაძაბულობის ესკალაციას, დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ომის სცენარის თავიდან ასაცილებლად - ამასთან დაკავშირებით გუშინ, ვილნიუსში, უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებმა ისაუბრეს.
ლიეტუვის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ლაურინას კასციუნასი ამბობს, რომ რუსეთი, რომელმაც თავისი ჯარი უკრაინის საზღვართან გაამაგრა, "ცდილობს, გაზარდოს გეოპოლიტიკური ტემპერატურა, სიტუაციის ესკალაცია და სტრატეგიული გაურკვევლობა შექმნას".
მისივე თქმით, როდესაც რუსეთი სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს, მან იცის, რომ დასავლეთი შეეცდება მოლაპარაკებების დაწყებას, ყველაფერი გაკეთდება მის მიერ წამოყენებული პირობებით და რუსეთი საბოლოოდ შეძლებს თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევას.
"რუსეთის მიზანი მკაფიოა და ის მიზნად ისახავს ხელი შეუშალოს უკრაინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებასა და უნდა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები გახდნენ ამ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის მეორეხარისხოვანი წევრები და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა კასციუნასმა.
ფინეთის ვიცე-პრემიერი, ანტი რინე კი ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ახლა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა "ომი და კოლაფსი ევროპაში" თავიდან აიცილონ.
მანვე აღნიშნა, რომ ფინეთი, რომელიც ინარჩუნებს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. "ვერავითარი ზესახელმწიფო ფინეთზე გავლენას ვერ მოახდენს", - თქვა მან.