
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, საქართველოში, ამ დროისთვის, 300 00-მდე ქართველი საკუთარი სახლიდან კვლავ დევნილია. ამის შესახებ მან ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და გამოხხმაურა ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში დაგეგმილი შეჭრის თაობაზე. სწორედ ამ კონტექსტში საუბრისას მოიყვანა მან მაგალითად 2008 წლის აგვისტოს ომი.
"ეს ყველაფერი უკრაინასთან არ მთავრდება. ყველა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა დამოუკიდებელი გახდა 1990-91 წლებში. მათ შორის ერთ-ერთია საქართველო. რუსეთი იქ 2008 წელს შეიჭრა. 13 წლის შემდეგ 300 000-მდე ქართველი კვლავ დევნილია საკუთარი სახლიდან. ასევე არის მოლდოვაც, სადაც რუსეთს ნების საწინააღმდეგოდ ჰყავს განლაგებული საკუთარი ჯარები.
თუკი რუსეთი შეიჭრება და მოახდენს უკრაინის ოკუპირებას, რა იქნება შემდეგი? ცხადია, რომ რუსეთის მცდელობები, აქციოს თავისი მეზობელი სახელმწიფოები მარიონეტებად, გააკონტროლოს მათი ქმედებები, ჩაახშოს დემოკრატიის გამოხატულების ნებისმიერი ნაპერწკალი, გაიზრდება.
როგორც კი უკუვაგდებთ სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის პრინციპს, ჩვენ დავბრუნდებით მსოფლიოში, სადაც აღარ იარსებებს ის წესები, რომლებიც ერთად გამოვძერწეთ", - თქვა ენტონი ბლინკენმა. [ტაბულას თარგმანი].
ბლინკენი ამბობს იმასაც, რომ რუსეთი ყველაფერში NATO-ს დადანაშაულებას ცდილობს, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოსა და უკრაინაში NATO კი არა, რუსეთი შეიჭრა.