ადვოკატები მიხეილ სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურის უარს გაასაჩივრებენ

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურის უარი უკანონოა.

როგორც ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, საგამოძიებო უწყების ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და ყველა ბერკეტს გამოიყენებენ იმისთვის, რომ მესამე პრეზიდენტს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.

"პროკურატურა არის პოლიტიზებული ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში და სრულიად უკანონოდ განუცხადეს უარი დაზარალებულ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე. ბუნებრივია, მათ შორის სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნამ, რომელიც გამოქვეყნდა, დაადასტურა უტყუარად ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს მიღებული დაზიანებები და ის არის დაზარალებული პირი. დაცვის მხარე ბუნებრივია, გაასაჩივრებს ამ უკანონო გადაწყვეტილებას ჯერ ზემდგომ პროკურორთან და შემდეგ უკვე სასამართლოში. ყველა ბერკეტს ამოვწურავთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს მიენიჭოს შესაბამისი სტატუსი", - თქვა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, ადვოკატები დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მივლენ და იმ ვიდეომტკიცებულებებს გაეცნობიან, რომელიც ლონდა თოლორაიას უწყებამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმის გამოძიების ფარგლებში მოიპოვა.

ამის შემდეგ ისინი რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილს მოინახულებენ და იმ სამართლებრივ ბერკეტებზე ისაუბრებენ, რომლითაც პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრება მოხდება.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი