"დრო, როდესაც პუტინი მეზობლების მიმართ აგრესიას იყენებდა და ფასს არ იხდიდა, დიდი ხნის წასულია" | ინტერვიუ მეთიუ ბრაიზასთან

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა თანამდებობის პირმა, დიპლომატმა, მეთიუ ბრაიზამ, "მთავარ არხთან" ინტერვიუში რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ დაძაბულ ვითარებაზე ისაუბრა.

აღნიშნა, რომ კრემლის მოთხოვნა კავკასიის რეგიონში ნატო-ს გაფართოების შეჩერებასთან დაკავშირებით, დასავლეთისთვის მიუღებელი იყო და ამის თაობაზე მკაფიო პასუხი მოლაპარაკებების ყველა ეტაპზე დააფიქსირეს.

"რუსეთის მიერ წამოყენებული პირობა იყო მიუღებელი და ჩვენ მათ ეს თავიდანვე ვუთხარით, როცა ამ შეთანხმების პროექტი გამოგვიგზავნეს. შემდეგ ეს გავიმეორეთ ჟენევასა და ბრიუსელში მოლაპარაკებებზე და ეს ალიანსის ერთსულოვანი პოზიცია იყო. ამიტომ, ვფიქრობ, მათ არ გაკვირვებიათ, რომ ჩვენ მათი ეს წინადადება უარვყავით", - განაცხადა ბრაიზამ.

დიპლომატი ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიებისა და ყირიმის ანექსიაზე დასავლეთის პასუხი სუსტი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ომი დონბასის ტერიტორიაზეც დაიწყო, ამ ყველაფერს უფრო ძლიერი რეაგირება მოჰყვა.

მისივე თქმით, "დრო, როდესაც პუტინი აგრესიას იყენებდა მეზობლების მიმართ და ამისთვის ფასს არ იხდიდა, დიდი ხნის წასულია".

"სწორედ ამიტომ, ახლა რუსეთი ცდილობს, შეაშინოს აშშ და ევროკავშირი და უკრაინის ოკუპაციის მუქარით აიძულოს ისინი, რომ დათმობებზე წავიდნენ. მიმდინარე კვირაში როგორც ვიხილეთ, ეს მისი ჩანაფიქრი არ იმუშავებს", - თქვა მან.

ბრაიზა ასევე აღნიშნავს, რომ კრემლის ულტიმატუმი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსაც ეხება, თუმცა აშშ-ისა და ევროკავშირის პოზიცია ამ საკითხზე მყარია.

"რა თქმა უნდა, მოსკოვის პრეტენზიები საქართველოსაც მოიცავს და ვფიქრობ, რომ თბილისში კარგად ესმით, რომ აშშ-ის და ევროკავშირის პოზიცია ამ საკითხებზე მყარია. იტყვიან თუ არა ისინი რამეს, ეს მნიშვნელოვანი არ არის", - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

დიპლომატი აცხადებს, რომ ახლა რუსეთის გადასაწყვეტია, დაიწყებს მეორე ომს უკრაინაში, თუ მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდება, თუმცა მისივე თქმით, მთავარი ისაა, რომ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას დასავლეთისგან "სერიოზული სანქციები" მოჰყვება.

"ჩვენ უკვე ვნახეთ ლავროვისა და სხვების ნეგატიური რეაქცია. ასეა თუ ისე, ახლა მოსკოვის გადასაწყვეტია, რა ნაბიჯს გადადგამს - დაიწყებს ფართომასშტაბიან მეორე ომს უკრაინაში, შეზღუდულმასშტაბიან მეორე ომს თუ ისევ მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდება. თუმცა, მთავარი ის არის, რომ თუ ის მაინც გადაწყვეტს ომის დაწყებას, სერიოზული სანქციები დაუწესდება და ეს სანქციები ძალიან დააზიანებს მას, მის მთავრობასა და ასევე რუს ხალხს.

ვფიქრობ, პუტინის მიზანია, რომ აღადგინოს გავლენა და კონტროლი არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე, არამედ შესაძლოა, ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებზეც. ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს დასავლეთისთვის და აშშ-სთვის, რადგან ტერიტორია, რომელზეც პუტინს აქვს პრეტენზია, მოიცავს არა მხოლოდ უკრაინასა და საქართველოს, არამე ჩვენს მოკავშირეებსაც - ბალტიის ქვეყნებს, რუმინეთს... ამიტომ, ჩვენს ინტერესებშია, რომ პუტინი შევაჩეროთ, სანამ ის რაიმე პროგრესს მიაღწევს ამ საქმეში. ვფიქრობ, სწორედ ასეთ პროცესს ვუყურებთ ახლა. დასავლეთი წინ უდგება პუტინის შანტაჟს და ეს კარგი ნიშანია", - განაცხადე მეთიუ ბრაიზამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი