პარტია "დროა" უკრაინის საზრვართან განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დღეს უკრაინა ისეთივე საფრთხის წინაშე დგას, რაც საქართველოს 2008 წელს დაემუქრა.
პარტია მიიჩნევს, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის სახელმწიფოს თანადგომა უმნიშვნელოვანესია რამდენიმე მიზეზის გამო:
"მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ უკრაინისგან დისტანცირებას საქართველოსთვის არ მოაქვს მშვიდობა, იგი უბრალოდ გვაცხოვრებს დროებითი მშვიდობის ილუზიაში. რეალურად კი დღეს ჩვენი სიჩუმე უკრაინის საკითხზე და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტება ნიშნავს იმას, რომ ხვალ, როდესაც რუსეთი კიდევ ერთხელ გადაწყვეტს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ჩვენს გულშემატკივართა რიგებში არ იქნება არც დასავლეთი და არც უკრაინა და ჩვენ, როგორც არაერთხელ ჩვენს ისტორიაში, ისევ მარტო დავრჩებით რუსული ოკუპაციის წინაშე.
პარტია „დროა,“ როგორც დემოკრატიული და ევროატლანტიკური იდეალების ერთგული ძალა, მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ურთიერთობის დაზიანება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და უკრაინასთან, საქართველოს რუსულ ორბიტაზე აბრუნებს. რთული წარმოსადგენია, მთავრობის წევრები ამას ვერ აცნობიერებდნენ. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული ქმედებები „ქართული ოცნების“ მხრიდან მიზანმიმართულად ხორციელდება. თუმცა საქართველოს მთავრობის პასიურობა არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ქართველმა ხალხმა ვერ გამოხატოს თავისი სოლიდარობა მოძმე უკრაინის მიმართ და ვერ მიაწვდინოს თავისი ხმა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს.
ამიტომ აუცილებელია, უკრაინას სახელმწიფო და ჰუმანიტარულ დონეზე ყოველმხრივ დავუდგეთ გვერდით. „დროა“ სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა პროდასავლურ პარტიებთან ერთად აქტიურად იმუშავებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდასაჭერად და უკრაინასთან ბმაში საქართველოს ეროვნული ინტერესების კვლავ წამოსაწევად საერთაშორისო მასშტაბით", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ამავე თემაზე:
"დეოკუპაცია და თავისუფლება - ჩვენი საერთო ბრძოლაა" - ენმ უკრაინას თანადგომას უცხადებს