კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება - მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა "მთავარი არხის" დამფუძნებლის ადვოკატის შუამდგომლობა გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ.
მოსამართლემ, რომელიც ამ დრომდე, რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარს მოწმეებზე ზეწოლის მოტივით ამბობდა, ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვის დასრულების შემდეგ პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ რურუას ციხეში დარჩენა, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხის გამო მოუწევს.
ადვოკატების შეფასებით, ეს არ არის მოსამართლის მიერ მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება და ვალერიან ბუგიანიშვილმა პოლიტიკური დავალება შეასრულა. მათი მტკიცებით, აღარ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ გიორგი რურუა იჯდეს ციხეში, რადგან თავიდან ამბობდნენ პროკურორებიც და მოსამართლეც, რომ არსებობდა, მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე, თუმცა, ამ ეტაპზე ბრალდების მხარის ყველა მოწმე დაკითხულია და შესაბამისად, ეს საფრთხე აღარ არის.
ოპოზიციონერებიც ამბობენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო, პოლიტიკურია, მას ჰქონდა დავალება და ეს არის "ოცნების" ხელისუფლების უკიდურესად ცუდი გადაწყვეტილება, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა უნდა დაიწყოს. შესაბამისად, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ამ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებენ.