სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა. მიხეილ სააკაშვილის საქმე, 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობა და სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმება მაღალი რანგის შეხვედრების მთავარი საკითხები იქნება.
ომბუდსმენი შეხვედრებს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, სტრასბურგის სასამართლოს პრეზიდენტთან, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისართან და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავს.
"ვიზიტის მიზანია, რომ სტრასბურგის ინსტიტუტებს, ევროსაბჭოს ინსტიტუტებს გავაცნოთ საქართველოში არსებული მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მივაწოდოთ მათ განახლებული ინფორმაცია და რა თქმა უნდა, პასუხი გავცე მათ შეკითხვებს.
ინტერესი იქნება საქართველოში 5 ივლისს განვითარებული მოვლენების თაობაზეც, და მივაწვდი მათ ინფორმაციას თუ რა მდგომარეობაა გამოძიების მიმართულებით, იყო რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც გამოხატული ინტერესი, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიმართ განხორციელებულ ცვლილებებზეც მივაწვდი ჩემ პოზიციას", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
ვიზიტის ფარგლებში აუდიენციები 3 დღეს გაგრძელდება.