უკრაინამ აშშ-სგან დამატებითი შეიარაღება მიიღო. 80 ტონა ამერიკული იარაღი კიევის სამხედრო აეროპორტში გვიან ღამით ჩაფრინდა. ოფიციალური კიევის განცხადებით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრომ უკრაინული არმიისთვის მოკავშირეებისგან შეიარაღების უკვე მე-3 პარტია მიიღო. ცნობილია რომ დასავლელი პარტნიორები, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნები იარაღის მოწოდებას უახლოეს დღეებშიც გააგრძელებენ.
უკრაინაში არსებული დაძაბული ვითარების გამო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს დასავლეთი. ამერიკული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე ათასი ამერიკელი ჯარისკაცის, სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების განთავსების საკითხებსაც განიხილავს. ასევე ამერიკული პრესა იუწყება რომ დღეიდან ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინიდან დიპლომატებისა და მათი ოჯახების წევრების გაყვანასაც დაიწყებს. სახელწიფო დეპარტამენტმა კი საკუთარ მოქალაქეებს მაღალი საფრთხის გამო უკრაინასა და რუსეთში მგზავრობისგან თავის შეკავება ურჩია.
ვორონეჟში - უკრაინის საზღვართან კრემლი მორიგ სამხედრო წვრთნებს ატარებს. სამხედრო სწავლებაში რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო, ასობით ტანკი და სამხედრო თვითმფრინავები მონაწილეობენ. ოფიციალურ კიევი აცხადებს, რომ წვრთნები მხოლოდ მიზეზია და კრემლი უკრაინაში ინტერვენციისთვის აქტიურად ემზადება.