
პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მის წინააღმდეგ საქმე აღძრას. ჯაფარიძე წერს, რომ 10 დღის წინ, ქუთაისის აეროპორტის გავლით საქართველოში CBD-ის შემცველი ზეთი შემოიტანა. CBD, იგივე კანაბიდიოლი არის ნივთიერება, რომელიც კანაფს შეიცავას.
ჯაფარიძის აღნიშნავს, რომ საზღვარზე რაიმე პრობლემა ზეთის შემოტანასთან დაკავშირებით არ შექმნია. მისი თქმით, არაერთ ქვეყანაში CBD-ს შემცველი პროდუქტები იწარმოება, იყიდება და გამოიყენება როგორც საკვები დანამატი ან სამკურნალო საშუალება.
"CBD-ს ბაზარი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი თანამედროვე მსოფლიოში. საქართველოში, მიუხედავად ყველაფერი ზემოთ თქმულისა, სახელმწიფო დღემდე შერჩევითად უქმნის პრობლემებს იმ ადამიანებს, რომლებიც ზრდიან CBD-ს შემცველ კანაფს, შემოაქვთ CBD-ს შემცველი პროდუქცია და/ან ახდენენ ასეთი პროდუქციის რეალიზაციას
ტრადიციულად, კანონმდებლობა გარკვევით და გასაგებად არაფერს ამბობს და სხვადასხვა სახელმწიფო სქტრუქტურები იქცევიან ისე როგორც გაუსწროდებათ
ამ ქვეყანაში უკვე ცხოვრობს ბევრი ადამიანი, რომელიც იყენებს CBD-ს სხვადასხვა ტიპის პრობლემებთან გასამკლავებლად, და უამრავი ადამიანი, რომლისთვისაც CBD-ს მიღება შეიძლება აღმოჩნდეს ერთადერთი შვებისმომგვრელი. CBD-ს მიღებისა და მისი შემცველი პროდუქციის დამზადება/რეალიზაციის მთელი ციკლი უნდა იყოს ლეგალური.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia 10 დღის წინ შემოვიტანე CBD-ს ზეთი ქუთაისის აეროპორტის გავლით, ერთი ქილა ვაჩუქე მეგობარს (რეალიზაცია მოვახდინე). მაინტერესებს რომელი კანონების რომელი მუხლები დავარღვიე (თუ რამე დავარღვიე)
ჩემს ინეტერესშია რომ აღძრათ საქმე და გავარკვიო რას ედავებით ხოლმე ადამიანებს, რომლებიც ან აქ აწარმოებენ ან შემოაქვთ CBD-ს შემცველი პროდუქცია. არ გაგიჭირდებათ ჩემი პოვნა
თუ ჩემთან მიმართებაში არ გექნებათ რეაქცია, ამ შემთხვევას გამოვიყენებ მომავალში ყველა იმ ადამიანის დასაცავად ვისაც პრობლემას შეუქმნით CBD-ს შემცველ პროდუქტებთან რაიმე შემხებლობის გამო", - წერს ზურა ჯაფარიძე.
მისივე თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2017-2018 წლის ანგარიშების მიხედვით აღნიშნული პროდუქტი, ჯანმრთელობისთვის უვნებელია, არ ახასიათებს ფსიქოაქტიური ეფექტი, არ იწვევს დამოკიდებულებას, შეუძლებელია მისი ბოროტად გამოყენება.