
გურჯაანის სოფელ კალაურში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებული 60 წლის გიორგი მღებრიშვილი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ის თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
რაც შეეხება მომხდარის მიზეზს, უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ მკვლელობა არ უკავშირდება შურისძიებას, რაზეც მოკლულის ოჯახის წევრები საუბრობენ.
მისი თქმით, სოფლის ცენტრში დაპირისპირება სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დაიწყო და ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც, გიორგი მღებრიშვილმა სახლიდან სანადირო თოფი გამოიტანა და სამი გასროლით გოჩა ჩაღიაშვილი მოკლა.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს. თანამშრომლობს გამოძიებასთან. მან თვითონ დარეკა პოლიციაში და ეს ინფორმაცია თვითონ მიაწოდა სამართალდამცავ ორგანოებს. იარაღიც თვითონ გადასცა. ამ მკვლელობამდე იყო როგორც სიტყვიერი დაპირისპირება, ძალიან დიდი შეურაცხყოფა გარდაცვლილის მხრიდან", - თქვა ადვოკატმა.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ ბრალდებულის ოჯახის წევრები. რაც შეეხება ადგილობრივებს, ისინი ამბობენ, რომ სროლის ხმა გაიგეს, თუმცა მკვლელობას არ შესწრებიან.
"მთავარი არხის" ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით მოწმეების გამოკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს. დაკავებულ კაცს ბრალს 48 საათის განმავლობაში წარუდგენენ.
ავტორი: ია გულიაშვილი
ამავე თემაზე:
"შურისძიებაა, დის შვილი მოუკლა, იმან კიდე ეს მოკლა" - გურჯაანში მომხდარი დაპირისპირების დეტალები