სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილეს, ილია ღუდუშაურს ხვდებიან. მოლაპარაკებას ომბუდსმენის წარმომადგენელი და უფლებადამცველებიც ესწრებიან.
დევნილებს კონკრეტული ვადები აინტერესებთ, თუ როდის მოხდება მათი ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილება.
"ის განცხადებები, რასაც ვისმენთ, რომ წლის ბოლომდე ეტაპობრივად დაკმაყოფილდებიან დევნილები, ჩვენთვის არ არის ბუნებრივია საკმარისი და გვჭირდება დეტალურად ვიცოდეთ, რა ვადებში და როგორ არის წარმოდგენილი ხელისუფლების მხრიდან მოგვარება იმ პრობლემის, რაც გვიქმნის საფრთხეს. ბუნებრივია წლის ბოლომდე ვერ დაველოდებით, რადგან კორპუსი არის ავარიული და ნებისმიერ დროს შეიძლება დაინგრეს", - ამბობს დევნილი თამარ საუთიევა.
დევნილები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ქუჩის პროტესტს გააგრძელებენ.
ცნობისთვის, დევნილები რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციებს მართავენ და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. უმძიმესი სოციალური მდგომარეობისა და ხელისუფლების გულგრილობის გამო, სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებმა ზურამ ქირიამ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დევნილები ფართების ქირით უზრუნველყოფის შესახებ შეთავაზებას არ ეთანხმებიან, ასევე, ამბობენ, რომ დასახელებული თანხა, კვადრატულ მეტრზე 550 დოლარი, ბინების შესაძენად საკმარისი არაა.
სააგენტომ 27 იანვარს განაცხადა, რომ განსახლების პროცესი დაიწყო.