სამწუხაროდ, აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გარდაუვალია და ეს მოხდება პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დასრულებისთანავე - ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან

გამოქვეყნდა:

ომი სავარაუდოდ ბეიჯინგის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დაიწყება - ვარაუდობს ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გენერალი ბენ ჰოჯესი.

ამერიკული სამხედრო ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური, რომელიც ახლა გერმანიაშია, პირდაპირ ამბობს, რომ ომი გარდაუვალია და რუსეთის სამხედრო ოპერაციებამდე პროვოკაციებს და კიბერშეტევას დაიწყებს.

რაც შეეხება საქართველოს, მან მინიმუმ სადაზვერვო ინფორმაცია უნდა გაუცვალოს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყანას.

დასავლეთის, უფრო სწორად ამერიკის ასეთი მკაცრი პასუხის შემდეგ რა მოხდება, დაარტყამს თუ არა რუსეთი უკრაინას და რატომ?

"სამწუხაროდ, მე ვთვლი, რომ ახალი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის გარდაუვალი და ეს მოხდება პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დასრულებისთანავე. არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება მასიური შეტევა, არამედ უფრო მცირე ზომის იერიშების სერიას ვიხილავთ, რომლებიც არ გამოიწვევენ დიდ მსხვერპლს და უფრო ადვილი იქნება მათი დროში გაწელვა. ამავე დროს, მოსკოვი შეეცდება ეს შეტევები გასცდეს გარკვეულ თამასას და ამით იმედი აქვთ, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა არ ჩათვლის საჭიროდ სანქციების დაწესებას."

4 თებერვალს პუტინი ბეიჯინში ჩასვლას აპირებს, ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ სწორედ ოლიმპიადა განსაზღვრავს ომის დაწყების თარიღს? ჩვენ, ქართველებმა კარგად ვიცით 2008- ში, როგორ გამოიყენა ოლიმპიადა პუტინმა.

"პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი სი ძინპინი ერთმანეთის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდნენ ბოლო თვეების განმავლობაში. ისინი ერთმანეთს მხარს უჭერენ თავ-თავიანთ უკანონო პრეტენზიებში, იქნება ეს ყირიმი, სამხრეთ ჩინეთის ზღვა თუ ტაივანი. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს აშკარად ეხმარება. ისინი მოკავშირეები არ არიან, მაგრამ კავშირები ნამდვილად აქვთ. ამიტომ, არა მგონია, პუტინმა რამე ისეთი მოიმოქმედოს, რაც დააზიანებს პეკინის ოლიმპიადას, რომელშიც ჩინელები მილიარდებს დებენ. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ რუსეთმა უკრაინის ოკუპაცია მოახდინა სოჭის ოლიმპიადიდან რამდენიმე დღის შემდეგ. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დროს მნიშვნელობა აქვს."

უკრაინა ახლა იღებს უპრეცედენტო დასავლურ სამხედრო დახმარებას. დიდი ოდენობის ამერიკული იარაღით დატვირთული თვითმფრინავი გერმანიის გავლით ჩაფრინდა კიევში, უკრაინას ეხმარება ბრიტანეთი, ჩეხეთი, ბალტიისპირეთი, ურთულებს თუ არა ეს რუსეთს მდგომარეობას და რამდენად? უკრაინა ისედაც დიდი ქვეყანაა, კარგი არმიით და შეიარაღებით, ომის გამოცდილებით და თუ მაინც არ გაჩერდა პუტინი, ეს ალბათ ვერ იქნება მარტივი გასეირნება მოსკოვისთვის.

"მართალია, ახლა ბევრი ევროპული სახელმწიფო ეხმარება უკრაინას იარაღის და აღჭურვილობის მიწოდებით და დიპლომატიურ სოლიდარობასაც გამოხატავენ, რათა სიგნალი გაუგზავნონ კრემლს, რომ უკრაინის სუვერენიტეტი პრიორიტეტია, მაგრამ ვთვლი, რომ მოსკოვი მაინც გადავა შეტევაზე. ამის მიზეზი ის არის, რომ ბოლო წლებში მათ ძალიან დიდი ფული დახარჯეს ამის მომზადებაში და პუტინის სიტყვებიც გასათვალისწინებელია, რომ ნატო რუსეთისთვის უზარმაზარი საფრთხეა. ამიტომ, მან ახლა საკუთარი თავი კუთხეში მიიმწყვდია და სხვა გამოსავალი არ დატოვა, რადგან საკუთარ ქვეყანაშიც უამრავი პრობლემა აქვს, რომლიდანაც ხალხის ყურადღების გადატანა სჭირდება.

გარდა ამისა, მე ვთვლი, რომ ის ძალიან არის საკუთარ თავში დარწმუნებული, ზედმეტადაც, რადგან კრემლს არაფერში დაუხევია უკან 2008 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს ოკუპაცია მოახდინა და მისი ჯარები ისევ იქ დგას. დნესტრისპირეთშიც ჰყავს საკუთარი ჯარი და ბოლო დროს სამხრეთ კავკასიაშიც გაზარდა კონტინგენტი. ბაშარ ასადის რეჟიმის მკვლელობებსაც მხარს უჭერს და 2014 წელს უკრაინის რეგიონების ოკუპაციის შემდეგ არანაირი საფასური არ გადაუხდია.  სწორედ ამიტომ არის ის ძალიან დარწმუნებული საკუთარ თავში და ამას ისიც ემატება, რომ დასავლეთი ერთიანი არ არის იმაში, თუ რა სახის სანქციები უნდა დაუწესდეს რუსეთს - იქნება ეს სვიფტიდან გათიშვა, ჩრდილოეთის ნაკადი 2 თუ სხვა."

უკვე ცნობილია, რომ იქნება ჯერ არნახული სანქციები, მათ შორის ეს შეეხება რუსეთის ზეგავლენის არსენალის ერთ ერთ მთავარ ინსტრუმენტის ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის ამოქმედებას, გახდება თუ არა ეს შემაკავებელი ფაქტორი პუტინისთვის ?

"რა თქმა უნდა, ბევრი ვარიანტი არსებობს, რისი გაკეთებაც შეიძლება. ჯო ბაიდენისგან და სახელმწიფო დეპარტამენტისგან გვესმის, რომ ეს იქნება სანქციები, რომლის მსგავსი რუსეთს არასდროს უნახავს. მე ვვარაუდობ, რომ ამაში შედის რუსეთის გათიშვა სვიფტიდან, რაც ტრანზაქციების საერთაშორისო სისტემაა და ამას ექნება უზარმაზარი უარყოფითი შედეგი რუსეთისთვის. თუმცა, ამას ასევე ექნება უარყოფითი გავლენა ევროპისა და ამერიკის ეკონომიკაზე და სწორედ ამიტომ არის, რომ ეს იდეა ყველასთვის მისაღები სულაც არ არის. არის ასევე გაზსადენის ვარიანტიც, კერძოდ კი ჩრდილოეთის ნაკადი 2, რომელიც ამჟამად ჯერ არ ფუნქციონირებს, მაგრამ მისი შეჩერების, ან გაუქმების ვერსია ასევე უნდა განიხილებოდეს. გარდა ამისა, არსებობენ ოლიგარქები, რომლებსაც უძრავ ქონებაში აქვთ უზარმაზარი თანხები ჩადებული ლონდონში, მაგალითად, ან ოფშორულ კომპანიებში და სწორედ მათ უნდა გადაიხადონ ფასი, რადგან სწორედ ისინი უწყობენ ხელს პუტინს ხელისუფლებაში ყოფნას. რაც შეეხება თავად პუტინის ქონებას, ის მულტიმილიარდერია და ის ასევე პერსონალურად უნდა გახდეს სამიზნე."

თქვენ დიდი ხანია გერმანიაში ცხოვრობთ და მუშაობთ. შესაბამისად კარგად იცნობთ ოფიციალური ბერლინის პოლიტიკას. რას იტყვით გერმანელი ადმირალის განცხადებაზე საქართველოსა და უკრაინაზე და მის გადაყენებაზე და ზოგადად, როგორ პოზიციონირებს ამ უზარმაზარ კრიზისში გერმანია?

"ვფიქრობ, გერმანელი ადმირალის მიერ გაკეთებული განცხადებები სამწუხარო იყო და არ გამოხატავს ოფიციალური ბერლინის პოზიციას. სწორედ ამიტომ გადადგა ის ასე მალე და ამიტომაც დააკმაყოფილა მისი გადადგომის განცხადება გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, რადგან მიუთითებს, რომ გერმანიის მთავრობა არათუ არ იზიარებს, არამედ ეწინააღმდეგება ადმირალის ასეთ განცხადებებს.

რაც შეეხება იარაღის მიწოდების აკრძალვას უკრაინისთვის, გერმანიაში ასეთი კანონი აქვთ. მე ამ კანონს არ ვეთანხმები, მაგრამ ეს კანონია და ვერაფერს ვიზამთ. ვფიქრობ, გერმანიაში უნდა გაიმართოს საჯარო დებატები იმ როლის შესახებ, რაც ამ ქვეყანას მსოფლიოში უნდა ჰქონდეს. პრობლემა ის არის, რომ გერმანია ბოლო ათწლეულებში აშენებულ მორალურ ავტორიტეტს ჩვენს თვალწინ კარგავს, როდესაც ფაქტობრივად გვერდზე არის გამდგარი და მშვიდად უყურებს, როგორ აზიანებს რუსეთი ევროპულ ფასეულობებს, უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალსა და ევროპული სახელმწიფოს სუვერენიტეტს. მე არ მესმის, როგორ შეიძლება გერმანია ასე იქცეოდეს, როდესაც რუსეთი ქიმიურ იარაღს იყენებს ევროკავშირის ქვეყანაში და როდესაც ბერლინის ცენტრში ადამიანს კლავს. არ მესმის, როგორ შეიძლება გერმანია არ იყოს აღშფოთებული და ეცადოს, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადადგას. "

როგორც ენტონი ბლინკენმა თქვა, რუსეთი სამი მხრიდან ამზადებს შეტევას,შესაძლოა იყოს სხვა ვერსიებიც საინტერესოა თქვენი როგორც გენერლის ხედვა თუ საქმე ომამდე მივიდა საიდან განხორციელდება თავდასხმა, როგორი ომი იქნება, რა ტაქტიკას გამოიყენებს რუსეთი, რომელსაც უპრეცედენტო მობილიზაცია აქვს ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის. 

"ვფიქრობ, ახლა იბრძოლებენ უკრაინელი ჯარისკაცები და იბრძოლებს უკრაინელი ხალხიც. ეს არ იქნება იგივე, რაც 2014 წელს მოხდა. ვფიქრობ, რუსებს ეს ესმით და სულაც არ უნდათ, რომ მათ დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალა დაკარგონ, რადგან ამის დამალვა შეუძლებელი იქნება. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინას სამი მხრიდან დაესხას თავს: სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან აღმოსავლთიდან, ყირიმიდან ხერსონიდან...მათ ასევე აქვთ მნიშვნელოვანი საზღვაო შესაძლებლობები და შეუძლიათ ამფიბიური ოპერაციები ჩაატარონ, რასაც მე ყველაზე მეტად ველი, მაგრამ ამავე დროს არ ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს რუსეთი ერთდროულად გამოიყენებს. ისინი შეუტევენ, ისინი შეეცდებიან, რომ უკრაინული ჯარები მაქსიმალურად გაწელონ, რომ მათ ერთ წერტილზე კონცენტრირება ვერ მოახდინონ."

თქვენ cbs-სთან საუბარში კიბერ შეტევა ახსენეთ, დაიწყებს თუ არა რუსეთი პირველ რიგში სწორედ კიბერ სივრცეში თავდასხმას, თუ პირდაპირ სამხედრო ძალაზე გადავა ?

"კიბერშეტევები გამოიწვევს იმას, რომ უკრაინის პრეზიდენტსა და სამხედრო მეთაურებს სირთულეები შეექმნებათ სიტუაციის გაკონტროლებასა და ბრძანებების გაცემაში. ეს არის მიზანი, რა თქმა უნდა, და ის ასევე გამოიწვევს შეფერხებებს ტრანსპორტირების კუთხით. გარდა ამისა, გამოყენებულ იქნება დეზინფორმაციული ომი, რომ პანიკა დათესონ უკრაინის მოსახლეობაში და რა თქმა უნდა, შეეცდებიან ეს მიაწოდონ მსოფლიოს ისე, რომ უკრაინელებმა თავად მოაწყვეს პროვოკაცია და მოსკოვს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ პასუხი გაეცა. ასევე, შავი ზღვის ფლოტი ჩაერთვება საქმეში და გაუშვებს რაკეტებს, რომელთა სამიზნე იქნება უკრაინის იარაღის საწყობები, გემსაწინააღმდეგო არტილერიული დანადგარები. ამავე დროს, მე არ ვფიქრობ, რომ ისინი მთელი უკრაინის დაპყრობას შეეცდებიან, რადგან ამის არც საშუალება აქვთ და სიტუაციაც განსხვავებულია და მათ ეს არც სჭირდებათ. მათ უბრალოდ უნდათ, რომ აჩვენონ, რომ შეუძლიათ ნებისმიერ ქვეყანაში შევიდნენ, სადაც მოესურვებათ და თუ შეძლეს უკრაინის შავი ზღვისგან მოკვეთა და კიევის ცენტრალური ხელისუფლების ჩამოგდება, მაშინ ისინი მიზნის დიდ ნაწილს მიაღწევენ.

ასევე, მე მინდა ყველას გვესმოდეს, რომ ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. რუსეთს სურს, რომ მთელი საერთაშორისო წესრიგი შეცვალოს და უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს. მათ არ აინტერესებთ ნამდვილი მოლაპარაკებები და სწორედ ამიტომ იყენებენ ქიმიურ იარაღს, დეზინფორმაციას, კიბერთავდასხმებს."

და მაიც სანქციები, ინფორმაცია, რომ ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დამატებით განლაგებას აპირებს, არ შეცვლის კუთხეში მიყენებული პუტინის გეგმებს?

"ვფიქრობ, ნამდვილად ვიხილავთ აღმოსავლეთ ევროპაში შეიარაღების გაზრდას. მე არ ვიცი, კონკრეტულად რა იქნება ეს, მაგრამ ნამდვილად მინდა ვიხილო მეტი ამერიკული საჰაერო თავდაცვა, ლოგისტიკა და სხვა სახის შეიარაღება, რომელიც საჭიროა რუსეთის შესაკავებლად.

აქამდე ბაიდენის ადმინისტრაცია ძირითადად ყურადღებას ამახვილებდა სადამსჯელო ოპერაციებზე მას შემდეგ, რაც უკრაინაზე თავდასხმის ფაქტი მოხდებოდა, მე კი მგონია, რომ რუსეთის შეკავების საუკეთესო საშუალება ძალისა და სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებაა და ვფიქრობ, ახლა შეერთებულ შტატებში სწორედ ამას აკეთებენ, როდესაც სამხედრო შეიარაღებას აგზავნიან უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპაში. თუმცა, ვფიქრობ, რომ პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არა გვაქვს საერთო სტრატეგია შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში, რომელიც მოიცავს საქართველოს, თურქეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, მოლდოვასა და უკრაინას. თუ ეს სტრატეგია არ გვექნა, მუდამ იმის განხილვაში ვიქნებით, მივცეთ თუ არა უკრაინას ჯაველინები."

და ბოლოს, როგორც უნდა მოიქცეს ამ ვითარებაში საქართველო, რა შეგვიძლია ჩვენ ამ დროს შევთავაზოთ მეგობარ ქვეყანას, რას ელოდება უკრაინა და დასავლეთი ჩვენგან?

"ქართველებმა ნამდვილად უნდა მიაქციონ ყურადღება ამ ამბავს. მე ვფიქრობ, თქვენი მაყურებლებისთვის სიახლე არ არის, რომ რუსეთი ძალას ყოველთვის გამოიყენებს, რათა ხელი შეუშალოს ქართველებსა და უკრაინელებს, მთლიანად გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი, რომელიც ლიბერალურ-დემოკრატიული საზოგადოების შექმნით იქნება შესაძლებელი. რუსეთს ეშინია საკუთარ საზღვრებთან წარმატებული და აყვავებული საქართველოს ხილვა და ამის ეშინია იმაზე მეტად, ვიდრე ეშინია ნატოსი. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ უკრაინისა და საქართველოს სადაზვერვო სამსახურები ინფორმაციას გაცვლიან.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა უნდა განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია კრემლიდან მომავალი საფრთხის ფონზე. ბოლოს ისიც მინდა ვთქვა, რომ შავი ზღვის რეგიონზე ერთიანი სტრატეგია რომ გვქონდეს, ახლა უფრო დიდ წვრთნებს ჩავატარებდით საქართველოში"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი