უშედეგო შეხვედრა - დევნილები და ჯანდაცვის სამინისტრო ვერ შეთანხმდნენ

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. უწყებას ამ დრომდე არ აქვს პასუხი ზუსტ თარიღებთან დაკავშირებით, თუ როდის გადაეცემათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები ავარიულ შენობაში მცხოვრებლებს.

ხელისუფლების მხრიდან მედიასთან კომენტარი შეხვედრის შემდეგ მხოლოდ სააგენტოს წარმომადგენელმა, დავით გურამიშვილმა გააკეთა.

"იძახიან რომ წლის ბოლომდე იქნება, მაგრამ იმას ვერ ადასტურებენ იქნება ერთ თვეში, ორ თვეში, რაღაც კონკრეტულ დროს ვერ იძახიან. იმდენად გაუსაძლისია მანდ, რომ ძალიან მალე, მოკლე ვადებში უნდა განხორციელდეს", - თქვა სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები ია სალიამ. 

სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები თამარ სულთიევა ამბობს, რომ სამინისტრო წლის ბოლოსთვის კორპუსის აშენებაზე მუშაობს, თუმცა მშენებლობა ჯერ დაწყებული არაა. სამინისტრომ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სამუშაო შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ გაიმართება. 

"გაგრძელდება ეტაპობრივად სახელმწიფოსთვის რესურსის გამოჩენის შემთხვევაში მათთვის ბინების შეთავაზება, 2022 წელი არის ყველაზე შორი, როცა ისინი მიიღებენ ფართებს", - თქვა დავით გურამიშვილმა. 

მინისტრისგან განსხვავებით მან "ქართლში" 53 წლის კაცის გარდაცვალებას "უბედური შემთხვევა" არ უწოდა და თქვა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ის გასცემს კითხვებზე პასუხს.

ცნობისთვის, დევნილები რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციებს მართავენ და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. უმძიმესი სოციალური მდგომარეობისა და ხელისუფლების გულგრილობის გამო, სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებმა ზურამ ქირიამ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დევნილები ფართების ქირით უზრუნველყოფის შესახებ შეთავაზებას არ ეთანხმებიან, ასევე, ამბობენ, რომ დასახელებული თანხა, კვადრატულ მეტრზე 550 დოლარი, ბინების შესაძენად საკმარისი არაა.

სააგენტომ 27 იანვარს განაცხადა, რომ განსახლების პროცესი დაიწყო. უწყების ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, განსახლების ორივე მოდელით, 16-მა დევნილმა ოჯახმა უკვე ისარგებლა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი