შრომის ინსპექციის სამსახურმა ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი აფეთქების მოკვლევა დაიწყო. უწყება ამბობს, რომ მხარეები გამოიკითხებიან და ადგილის დათვალიერება მოხდება.
პირველადი მოკვლევით სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა.
"კერძოდ, პირველადი შეფასებით, საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით. აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაობის განხორციელება მეთანის 1%-ზე მეტის კონცენტრაციის პირობებში. დარღვეულია ტექნიკური რეგლამეტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც საამფეთქბლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა", - წერია განცხადებაში.
გამოკვეთილი დარღვევების შედეგად, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეჩერდეს საამფეთქებლო სამუშაოები და დაიხუროს ის კონკრეტული უბანი, სადაც ინციდენტი მოხდა.
შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მოკვლევას.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტაში დაახლოებით ღამის 11 საათისთვის მოხდა. ზუსტი მიზეზები უცნობია. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას მუხლით. 8 ადამიანი თბილისშია გადმოყვანილი, შახტაში დაშავებული ერთი პირი გარდაიცვალა.
ამავე თემაზე: