ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე ჯერ ლაბორატან გადაიყვანეს, შემდეგ კი საერთოდ გაათავისუფლეს. ამის შესახებ მას ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღია და გათავისუფლებაზე მას შემდეგ შეიტყო, რაც ნახევარი თვის ხელფასი, 165 ლარი და 58 თეთრი ჩაურიცხეს.
"ჩემ აქტიურ საჯარო პოზიციასაც ვუკავშირებ ამას, იმიტომ რომ თეა წულუკიანს, როგორც მის წინამორბედებს გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან, არ უყვართ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ პასუხის გაცემა. მე და ჩემი კოლეგები ამას დავუპირისპირებთ სამოქალაქო პოზიციას და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს", - ამბობს ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორი, ეკა კიკნაძე.
საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი ამბობს, რომ დიდი ალბათობით ეკა კიკნაძეს სხვა თანამშრომლების მსგავსად რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, გათავისუფლების ბრძანებას გამოითხოვენ და სარჩელი შესაბამისად დაკორექტირდება.
2021 წლის 4 ივლისს, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზად შენობის ავარიულობა და განთავსებული ექსპონატების დაუცველობა დაასახელეს. მას შემდეგ, მუზეუმის არაერთი თანამშრომელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს სამსახურიდან.