
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის განხილვა დღეს ხმაურით დასრულდა. მოსამართლესა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოწმეების ჩვენებაში ნახსენები ვიდეოჩანაწერი, საქმეში მტკიცებულებად არ წარმოადგინეს.
"ჩემპიონის ცემის" საქმეზე პროცესი დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდა. მხარეების შეკითხვებს, თბილისის აეროპორტის მესაზღვრე-პატრული, პაატა ბახტურიძე და ორი გამომძიებელი პასუხობდნენ;
ევროპის ვიცე-ჩემპიონისა და გიგი უგულავას ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე, მოსამართლე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ თვის ბოლოს გამოაცხადებს. უგულავა მის მიმართ მორიგ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება;
გიგი უგულავას ევროპის ჩემპიონ - საბა გავაშელიშვილზე ძალადობას ედავებიან. საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს 2 უცნობი პირი დაესხა. გოკა გაბაშვილი საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი.