სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს.
სუს-ის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული პირები თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ სხვადასხვა პირებისგან ქრთამის სახით ფულად თანხას იღებდნენ.
"ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია რამოდენიმე ათეული პირი, რომლებმაც სამსახურებრივი მფარველობისათვის ერთობლივად ან ცალ-ცალკე თანხა გადასცეს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს.
ზემოთხსენებული ქმედების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღეს, რაც ურთიერთშორის გაინაწილეს", - აცხადებენ სუს-ში.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე თანამშრომლები გააფრთხილა, რომ "კორუფცია შეუმჩნეველი არ დარჩება".