"პოლიციის სამორიგეოში გაყალბებული ოქმი" - დეკანოიძე რაფავას საქმის ახალ, სკანდალურ ვიდეომტკიცებულებებზე

გამოქვეყნდა:

სისხლის სამართლის საქმის წარმოუდგენელი გაყალბების ისტორია - ასე შეაფასა ხატია დეკანოიძემ, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ლექსო რაფავას საქმეში აღმოჩენილი ახალი ვიდეომტკიცებულებები.

ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარემ პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, განაცხადა, რომ ხელში ჩაუვარდათ ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რაფავას იარაღი ჩაუდეს, ასევე კარგად ჩანს, როგორ აყალბებენ პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსნები ყოფილი კოლეგის საქმეს.

დეკანოიძის თქმით, მაშინ, როცა საქმის მასალების მიხედვით, დაკავების დღეს, პოლიციელები იყვნენ ლექსო რაფავასა სახლში და ატარებდნენ ჩხრეკას, რეალურად ეს ასე არ ყოფილა და იმ დროს იქ არავითარი ჩხრეკა არ ჩატარებულა. ვიდეომტკიცებულებაა ისიც, რომ , პოლიციის სამორიგეოში, პოლიციელები თავის უშუალო უფროსებთან ერთად, ადგენენ ჩხრეკისა და დაკავების ოქმებს:

"პოლიციის სამორიგეოში ყალბდება ის ოქმი, რომელიც შედგენილი უნდა იყოს, ლექსო რაფავას სახლში, ანუ დაკავების ადგილზე." განაცხადა დეკანოიძემ.

​მისი თქმით, აღნიშნული ვიდეომტკიცებულებები - 46 გვერდიანი დასაბუთებული წერილით, გადაეცა პროკურატურას, თუმცა საგამოძიებო უწყებას რეაგირება არ ჰქონია, ხოლო სასამართლომ დასაშვებად არ სცნო.

"ლექსო რაფავა დააკავეს არარსებული ბრალდებით, ახლა, ამ წუთის მონაცემებით მინდა მოგიყვეთ იმ კადრების შესახებ, რომელიც ჩაგვივარდა ხელში და ეს კადრები წარმოადგენს უშუალოდ სისხლის სამართლის დანაშაულს ყველა იმ მოქმედი პოლიციელის მიმართ, რომელმაც გააყალბა ეს საქმე. პოლიციამ წარმოუდგენელი უღირსი დანაშაული ჩაიდინა იარაღის ჩადებით, ყოფილი პოლიციის მაიორისათვის. სისხლის სამართლის ისტორიაში ეს წარმოუდგენელი გაყალბების კადრები აჩვენებს ორ რამეს, პირველი, ლექსო რაფავასთან პოლიციელები უნდა იყვნენ ჩხრეკაზე, ზუსტად ამ პერიოდში ლექსო რაფავას სახლში, როდესაც მას დაუწიოკეს ცოლ-შვილი, არცერთი პოლიციელი იმყოფება და იქ რეალურად არავითარი ჩხრეკა ანუ პროცესუალური მოქმედებები არ მიმდინარეობს.

საქმის გაყალბების მეორე ვიდეო მტკიცებულება არის შემდეგი, როდესაც იმ პერიოდში, როცა ჩხრეკა უნდა მიმდინარეობდეს ადგილზე, პოლიციის სამორიგეოში პოლიციელები, მათ შორის მათ უშუალო უფროსებთან ერთად ადგენენ ჩხრეკის და დაკავების ოქმებს. ანუ პოლიციის სამორიგეოში ყალბდება ეს ოქმი, რომელიც შედგენილი უნდა იყოს ლექსო რაფავას სახლში ანუ დაკავების ადგილზე" - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის ინფორმაციით, ვიდეომტკიცებულებები მედიას გადაეცემა და გასაჯაროვდება.

შეგახსენებთ, ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია ოქტომბერში, არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო. ლექსო რაფავა ხობში დააკავეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი