აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მრჩეველი ფიონა ჰილი ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება იმაზე უფრო ფრთხილად ეკიდება რუსეთს, ვიდრე მისი წინამორბედები. ამის შესახებ მან ჰელსკინკის კომისიაში უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინის საპირისპიროდ, ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა მოსკოვთან პოლიტიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მჭიდრო ურთიერთობას ამყარებს, ზოგიერთს კი ნეიტრალური, "მარგინალურ სტატუსი" აქვს. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად მან საქართველო დაასახელა:
"როგორც ერთი თვალსაჩინო მაგალითი, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა უფრო ფრთხილად ეკიდება რუსეთს, ვიდრე მისი წინამორბედები.
რა თქმა უნდა, რუსეთი საქართველოში შეიჭრა 2008 წლის აგვისტოში" - თქვა მან.
ჰილმა გაიხსენა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც "მოსკოვის თვალში მრავალწლიანი ეკალი" უწოდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მაგალითს, რომელიც ამჟამად ციხეშია რუსი ოფიციალური პირები ხშირად იყენებენ როგორც "გამაფრთხილებელ ამბავს".
ამის მაგალითად მან 2021 წლის ნოემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გაფრთხილება მოიყვანა ზელენსკის მისამართით - "სააკაშვილის გზის გაყოლის რისკებზე".
მან აღნიშნა, რომ პუტინის აზრით, ამერიკა სახლში და მის ფარგლებს გარეთ დასუსტებულია, ეს კი მას იშვიათ შესაძლებლობას აძლევს - გააუქმოს ამერიკის ბოლო 30-წლიანი დომინირება ევროპის უსაფრთხოებაში.