რადაში პარტნიორი ქვეყნების დროშებს შორის საქართველოს დროშა არ იყო... უფრო მკაფიო მხარდაჭერას ველოდებოდით - რადას დეპუტატი

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას დეპუტატი, სალომია ბობროვკა ამბობს, რომ უკრაინა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან უფრო კონკრეტულ, მკაფიო მხარდაჭერას ელოდებოდა.

როგორც მან ქართული ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, წუხს იმის გამო, რომ ევროპელი პარტნიორები საქართველოს შესახებ საუბრისას ღრმა შეშფოთებებს გამოთქვამენ. 

"გულწრფელად გეტყვით, რომ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხარდაჭერას ველოდებოდით. როდესაც რადაში პარტნიორი ქვეყნების დროშები გამოვფინეთ, მათ შორის საქართველოს დროშა არ იყო. ვიცი, რომ საქართველო ჩვენს გვერდით დგას, თუმცა ჩვენ უფრო კონკრეტულ და მკაფიო მხარდაჭერას ველოდებოდით. დღეს ჩვენთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ჩამოვიდნენ და ეს ძალიან კარგი მესიჯია.

ვნერვიულობთ საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და იმ მიმართულების გამო, საითაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა მიდის. ძალიან მწყინს, როდესაც ჩვენი კოლეგები და ევროპელი პარტნიორები საქართველოს შესახებ საუბრის დროს ღრმა შეშფოთებებს გამოთქვამენ. ღმერთმა არ ქნას, რომ საქართველო ბელარუსის გზას დაადგეს და რუსეთს დაუახლოვდეს. დღეს რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ და აუცილებელია, რომ გავერთიანდეთ და დასავლეთისკენ სვლა გავაგრძელოთ. მინდა, უკრაინამ და საქართველომ ერთიანი სამხედრო წვრთნები ხშირად ჩაატარონ. ჩვენი ქვეყნებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ეს მნიშვნელოვან როლს შეასრულებს", - ამბობს სალომია ბობროვკა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოსა" და "დროას" ლიდერები რადაში შეხვედრებს მართავენ და უკრაინელებს ქართველი ხალხის სახელით თანადგომას უცხადებენ. შეხვედრებზე მთავარი საკითხი ის პროცესები და საფრთხეები, რომლის წინაშეც პარტნიორი ქვეყანა დგას. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ქართველმა და უკრაინელმა დეპუტატებმა განიხილეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი