
უსაფრთხოების განუყოფლობას საფრთხეს უქმნის რუსეთი, რომელიც შეიჭრა საქართველოში, ჰყავს სამხედრო ძალა მოლდოვაში ამ ქვეყნის ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, ასევე, მოახდინა ყირიმის ანექსია და შეიჭრა დონბასში - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა რუსულ სააგენტო "tass-თან" ინტერვიუში გააკეთა.
ნულანდის თქმით, რუსეთი შეშფოთებულია ამერიკული მხარის სხვადასხვა სახის ქმედებებით, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები არის შეშფოთებული რუსეთის ქმედებებით, ამიტომ საჭიროა, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, შეიარაღების კონტროლზე მუშაობა და ომის რისკების შემცირება.
ამასთანავე, ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს დონბასის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სეპარატისტული რეგიონების სამხედრო დახმარება და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.