ქალს, რომელმაც ხაშურში შშმ დედა-შვილზე ძალადობაში მათ მეზობელი დაჩი ტაბატაძე ამხილა, პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებით ემუქრებიან.
მეყანწიშვილზე ზეწოლა "მთავარი არხის" ეთერში მისი ინტერვიუს გასვლის შემდეგ დაიწყო. ის ყვებოდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედა-შვილზე ტაბატაძე სისტემატურად ძალადობდა, რის გამოც მათ სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულეს.
მარიამ მეყანწიშვილის თქმით, მას მუქარის შემცველ წერილებს დაჩი ტაბატაძის ოჯახის წევრები უგზავნიან. ახალგაზრდა ქალი სამართალდამცველებისგან დახმარებას ითხოვს.
"ეს ადამიანი იყო პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის ბიძაშვილი და გარდა ამისა, მისი ცოლს ჩვენთან პირადი საუბრების დროს ჰქონდა ბევრჯერ ნათქვამია, რომ მათ მფარველობას და გარკვეულ დახმარებას უწევდა ვალერი გელაშვილის ძმა. გუშინ ვისაუბრე მთავარ ართხან ამ ფაქტთან დაკავშირებით. მითხრეს, რომ გავჩუმებულიყავი, დედაჩემს მიწერეს, რომ გადმოეცა ჩემთვის, რადგან მე სოციალური ქსელები არ მაქვს და მუქარის შემცველი წერილები, რომ თუ არ გაჩერდება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება მოხდებაო", - ამბობს მარიამ მეყანწიშვილი.
"მთავარი არხი" საკითხთან დაკავშირებით ვალერი გელაშვილს დაუკავშირდა, თუმცა ის ბრალდებებს უარყოფს.
შეგახსენებთ, ხაშურში 50 წლის კაცი დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაცვლილი გუშინ დილით ნახეს, დედას კი რამდენიმე საათში მიკროავტობუსი დაეჯახა. ერთ-ერთი ვერსიით, ქალი მიკროავტობუსს თავად შეუვარდა. ორივე გარდაცვლილი შშმ პირი იყო და დიდი ხნის განმავლობაში მეზობლის მხრიდან სისტემატურ ძალადობაზე საუბრობდნენ.
ამავე თემაზე: