
პუტინმა უკრაინის ღალატში ბრალდებების გამო, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, ირონიულად, თავშესაფარი რუსეთში "შესთავაზა". ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ერთ დროს, როცა ბატონი პოროშენკო ჯერ კიდევ უკრაინის პრეზიდენტი იყო, მე ვუთხარი, რომ თუ მას მომავალში რაიმე პრობლემა შეექმნა, რუსეთი მზად იყო მისთვის პოლიტიკური თავშესაფარი მიეცა. მაშინ ის საკითხს ირონიულად მიუდგა, მაგრამ დღეს მინდა დავადასტურო ჩემი წინადადებები. მიუხედავად ჩვენი სერიოზული უთანხმოებისა დონბასის საკითხზე", - თქვა პუტინმა.
პუტინმა თქვა, რომ მზად არიან ისეთ ადამიანებს, როგორიც პოროშენკოა თავშესაფარი მისცენ. მისივე აზრით, პოროშენკოს მხრიდან მინსკის შეთანხმებაზე ხელმოწერა ღალატად არ უნდა ჩაითვალოს.
ამ შეთავაზებას უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უკვე უპასუხა. მისი თქმით, ოპოზიციის დევნით ახლანდელ პრეზიდენტს პუტინისთვის საჩუქრის გაკეთება სურს, რაც რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლითაც დადასტურდა.
მან პუტინს უთხრა, რომ "თვითონ გაერკვევიან", უკრაინაში.
"ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ - ბოლოს და ბოლოს გააცნობიერეთ, რომ ამას ჩვენ თვითონ გავარკვევთ, აქ, უკრაინაში. და რუსეთის მარადიული პოლიტიკა, "იზრუნოს უკრაინასა და უკრაინელ პოლიტიკოსებზე" დიდი ხანია შეჩერებულია. ეს მაშინ მოხდა, როცა უკრაინის პრეზიდენტად ამირჩიეს", - დაწერა პოროშენკომ.
ცნობისთვის, საზღვრებთან ჯარის განლაგების მიუხედავად რუსეთი ისევ უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს. დასავლეთი უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას უგზავნის. აშშ და ევროპა რუსეთს შეჭრის შემთხვევაში მძიმე სანქციებით ემუქრება, პუტინი კი ისევ ამბობს, რომ ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთით კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ დღეს მაკრონი კიევში, ზელენსკისთან ჩავა.