
ევროპელმა ლიდერებმა სამშაბათს ბერლინში უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს კიევსა და მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო.
მაკრონმა რუსეთს "მტკიცე დიალოგის" გაგრძელებისკენ მოუწოდა. მან თქვა, რომ ახლა ხედავს მოლაპარაკებების "შესაძლებლობას" მოსკოვისა და კიევის მონაწილეობით.
"ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ გზები და საშუალებები რუსეთთან მტკიცე დიალოგისთვის", - თქვა მან ბერლინში.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ერთიანები არიან ევროპაში მშვიდობის შენარჩუნების მიზნით დიპლომატიისა და ერთობლივი ქმედებებისთვის.
პოლონეთის ლიდერმა კი თქვა, რომ სჯერა, ომის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
"ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი ომის თავიდან ასაცილებლად. მე მჯერა, რომ ამას მივაღწევთ. ჩემი აზრით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ერთიანობა და სოლიდარობაა", - თქვა დუდამ.
ცნობისთვის, 7-8 თებერვალს მაკრონმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან მოლაპარაკებები გამართა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს 100 000-ობით ჯარისკაცი ჰყავს უკრაინის საზღვართან განლაგებული, პუტინი ისევ უარყოფს, რომ შეჭრას აპირებს.
ამერიკა და ევროპა უკრაინას სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით ეხმარება. დასავლეთმა რუსეთი გააფრთხილა, რომ ესკალაციის შემთხვევაში მოსკოვს მკაცრი სანქციები დაეკისრება. აშშ-ს პრეზიდენტმა კი თქვა, რომ "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის პროექტი გაუქმდება, თუ პუტინი ომს დაიწყებს.