კვლევის მიხედვით, ნიუ-იორკში, ომიკრონის შტამი სტეიტენ-აილენდზე თეთრ-კუდიანი ირმების პოპულაციაშიც დაფიქსირდა. კვლევა 13 დეკემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდს ასახავს და კორონავირუსის ეს ვარიანტი სტეიტენ-აილენდის 68 ირმიდან შვიდს აღმოაჩნდა.
ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს და კვლევის ხელმძღვანელზე, სურეშ კუჩიპუდიზე დაყრდნობით წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ში ირმები კოვიდით დაინფიცირდნენ, თუმცა ახალი კვლევა აჩვენებს, რომ შესაძლოა, ომიკრონი ირმების ან გარეული ცხოველების რომელიმე პოპულაციაშიც გავრცელდეს.
მთავარი საფიქრალი არის ის, რომ როდესაც ვირუსს რომელიმე ცხოველურ მასპინძელში ცირკულაციის საშუალება ეძლევა, ევოლუციის სირთულის შეფასება და გაგება ძალიან რთული ხდება. ირმებსა და პოტენციურად სხვა ცხოველებში SARS-CoV-2-ის უკონტროლო ან გადაუმოწმებელმა გადაცემამ შეიძლება გამოიწვიოს სრულიად ახალი ვარიანტების გაჩენა, რამაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს არსებული ვაქცინებით უზრუნველყოფილ დაცვას,- ამბობს ის.