
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიაში შესაძლო კორუფციისა და ბიუჯეტის გაფლანგვის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მაღალჩინოსნები ხალხის ფულს საკუთარი ინტერესებისთვის ხარჯავენ. კერძოდ, ენმ-ის ინფორმაციით, ქუთაისის მერიამ ა(ა)იპ-ისთვის 57 000 ლარად მინივენი შეიძინა და მეორე დღიდანვე, 2 თვეში მის შეკეთებაში 6 000 ლარი დახარჯა. ამასთან ერთად, მინივენის შეძენის შემდეგ ტრანსპორტს ისევ ქირაობდნენ.
"ქუთაისის მერი და მერია კვლავ აგრძელებს ქუთაისელების ფულის ფლანგვას და სავარაუდოდ, კორუფციაშია თავიდან ბოლომდე ჩართული. ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, სადაც წერია, რომ მაგალითად ქუთაისის მერმა ერთ-ერთი ა(ა)იპ-ისთვის 57 ათას ლარად შეიძინა გაუმართავი ავტომობილი.
სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით. უნდა დადგინდეს, რეალურად ვინ იყო ამ ავტომანქანის მფლობელი, ხომ არ იყო ის კავშირში მერთან ან მის უახლოეს გარემოცვასთან და რატომ მოხდა მერიის მიერ ამ გაუმართავი ავტომანქანისათვის 57 ათასი ლარის გადახდა", - ამბობს ენმ-ის წევრი, გიგა შუშანია.
ფაქტს ადასტურებს იმერეთის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი მარი დევიძე.
"შევიძინეთ ავტომობილი 57 ათასად, კი ბატონო, ეს გახლავთ „მერსედესის“ მინივენი, რომელიც ძალიან სჭირდებოდა ჩვენს სამსახურს იმისათვის, რომ განგვეხორციელებინა ჩვენი უშუალო ფუნქცია-მოვალეობები. არის რაღაც ნაწილები, რაც ალბათ დროდადრო საჭიროებდა შეკეთებას და სწორედ ეს პროცედურები ჩატარდა", - თქვა მარი დევიძემ.