"ჩვენს ქვეყანაში პანიკა ჩვენი მტრის საუკეთესო მეგობარია" - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ხერსონის ოლქში იმყოფებოდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ეროვნულმა გვარდიამ ერთობლივი წვრთნები გამართეს. ის გამოეხმაურა ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსეთის თავდასხმა ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი და აღნიშნა, რომ ისინი ბევრ ინფორმაციას იღებთ და აანალიზებენ.

"გვესმის, რომ "სიურპრიზები" შესაძლოა ნებისმიერ მომენტში მოხდეს. ჩვენ უნდა ვენდოთ ჩვენს ძალებს. გვესმის, რომ ასეთი რამ შეიძლება გაფრთხილების გარეშე მოხდეს, ამიტომ ყველაზე მთავარია, ჩვენ ყველაფრისთვის ვიყოთ მზად. სწორედ ამაზე მიდის მუშაობა. მზად ვართ ნებისმიერი ნაბიჯებისთვის, ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერი საზღვრიდან. მგონია, რომ ჩვენი სპეციალისტები, სამინისტროები, სამხედროები ძალიან სერიოზულ დონეზე მუშაობენ. და ზუსტად დონე აჩვენეს მათ დღეს", - განაცხადა ზელენსკიმ

პრეზიდენტის თქმით, სიმართლე ისაა, რომ ახლა არის ბევრი განსხვავებული ინფორმაცია რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ, რაც ჯერჯერობით მხოლოდ პანიკას იწვევს - "ჩვენს ქვეყანაში პანიკა ჩვენი მტრის საუკეთესო მეგობარია". 

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა მხოლოდ დიპლომატიაა:

"ჩვენ ცალ-ცალკე ვმუშაობთ დიპლომატიურ დონეზე, ყოველდღიურად ვუკავშირდებით სხვადასხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელობას, სხვადასხვა ლიდერს, სხვადასხვა დონეს. იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ დიპლომატიური გზა დეესკალაციისა და დეოკუპაციის ერთადერთი გზაა", - განაცხადა მან.

ბოლო რამდენიმე საათია აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც აშშ აქტიურად მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს ყველა შესაძლო გზა გამოიყენონ ქვეყნის დასატოვებლად. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი