
ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში გენერალ-ლეიტენანტი (თადარიგის) ბენ ჰოჯესი, "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაზე რაიმე სახით თავდასხმის ალბათობა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში - 90 %-ია.
ჰოჯესი შავი ზღვის უსაფრთხოებასა და რეგიონში საქართველოს როლზეც საუბრობს. მისი თქმით, საქართველომ მიმდინარე კრიზისი შესაძლებლობად უნდა გამოიყენოს და პარტნიორებს დაანახოს, რომ სწორი ღირებულებების სჯერა და რომ სტრატეგიულ რეგიონში ის სანდო პარტნიორია. "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ბენ ჰოჯესს 10 თებერვალს ესაუბრა
"პენტაგონი, ბიზნესი, მედია, ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება. ამიტომაც, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ საკუთარი თავისკენაც მიიზიდოს ყურადღება და ყველას უთხრას, რომ შემომხედეთ, მე შემიძლია დახმარება გაგიწიოთ ამ სტრატეგიულ რეგიონში, იქნება ეს დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება, ეკონომიკური ფაქტორები, კარიბჭის როლის შესრულება აზიასა და ევროპას შორის, თუ სხვა.
ეს არაჩვეულებრივი დროა იმისთვის, რომ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად არაგეგმიური წვრთნები ჩატარდეს. მე ასევე ვისურვებდი, რომ შეიქმნას რაღაც ინფრასტრუქტურა ამერიკის საროტაციო ნაწილებისთვის, გაკეთდეს რაღაც იმისთვის, რომ ქვეყანა ამერიკის საზღვაო ძალებისთვის, საჰაერო ძალებისთვის იყოს უფრო მეტად მიმზიდველი. შეიძლება აშენდეს სასაწყობო ნაგებობები ამუნიციისთვის. არ არის აუცილებელი ეს დიდი ინფრასტრუქტურა იყოს, მაგრამ იყოს რაღაც ისეთი, რაც აჩვენებს, რომ ეს ჩვენთვისაც და ჩვენი მეგობარი საქართველოსთვისაც სასარგებლოა.
ამასთან, საქართველომ უნდა დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა, არის თუ არა ის მზად ბიზნესის, ინვესტიციის მისაღებად. თუ გერმანული, ფრანგული, იტალიური, ჰოლანდიური ბიზნესი საქართველოში დიდ ფულს ჩადებს, ამ ქვეყნების პარლამენტები საქართველოს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ და მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე იზრუნებენ.
ამის შემდეგ კი ისინი დაიწყებენ კითხვების დასმას იმაზე, თუ რატომ არიან რუსი ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ამ დრომდე. ისინი საქართველოს უსაფრთხოებით უფრო მეტად დაინტერესდებიან, თუ საქართველოში მათი ინვესტიციები იქნება. ახლა არის დრო, როცა საქართველომ ამ ყველაფერზე ფიქრი სერიოზულად უნდა დაიწყოს", - ამბობს ბენ ჰოჯესი.