
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კიევში მიიწვია. ამის შესახებ მან კოლეგას სატელეფონო საუბრისას განუცხადა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ზელენსკიმ საუბრისას აღნიშნა, რომ დედაქალაქიც და სხვა ქალაქებიც საიმედოდაა დაცული. ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინულ მხარეს ესმის ყველა არსებული რისკი და მზად არის სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის.
"დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი კიევში, უახლოეს დღეებში, რაც გადამწყვეტია სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, იქნება ძლიერი სიგნალი და ხელს შეუწყობს დეესკალაციას", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ეს პანიკის გავრცელებას შეაჩერებს.
ბოლო ცნობებით, ხუთშაბათს რუსეთმა და ბელორუსმა უკრაინის საზღვართან ერთობლივი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები "Union Determination-2022" დაიწყეს. გარდა ამისა, აზოვისა და შავი ზღვების დიდ ტერიტორიებზე სახიფათო მდგომარეობა მოსალოდნელია 13-დან 19 თებერვლამდე, საუბარია სარაკეტო და საარტილერიო სროლაზე.
უკრაინის დაზვერვის თანახმად, რუსეთი აგრძელებს უკრაინის საზღვრებზე ტაქტიკური სამხედრო ჯგუფების რაოდენობის გაზრდას. შეერთებულმა შტატებმა კი მოუწოდა უკრაინაში მყოფ ამერიკელებს დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ უკრაინა "რუსული სამხედრო მოქმედებების გაზრდილი საფრთხის" გამო.