ტალახს რომ გესვრიან, რომ გაწმინდო, შხეფები მაინც რჩება ხოლმე. ამით ვარ ცოტა გულნაკლული, - ამბობს პანკისის ხეობის უხუცესი, ხასო ხანგოშვილი. რომელმაც "მთავარ არხთან" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მისი ვაჟის, გებიშ ხანგოშვილის გამოკითხვის შემდეგ ისაუბრა.
უხუცესი ამბობს, რომ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკა აუცილებლობას არ წარმოადგენდა და უწყებამ იცოდა, რომ ოჯახიდან ვერაფერს გაიტანდნენ. ხანგოშვილის თქმით, შვილთან კომუნიკაცია ამ დრომდე არ ჰქონია და დეტალები არ იცის, თუმცა, ის გამოძიებას ელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს, როგორი იქნება ოჯახის სტრატეგია ამ საკითხთან მიმართებაში.
მეც, რა თქმა უნდა, ძალიან მაინტერესებს, რა მოხდა. და ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან ის ჩემი სტუმარი იყო. თუ რამე ჩაიდინა სახელმწიფოსა და ქვეყნის წინააღმდეგ, გამოდის, ჩემს წინააღმდეგაც არის ჩადენილი. მეც მაქვს კითხვები, მაგრამ, არ მქონია კომუნიკაცია. გავიგებ ამბავს და დასამალი არაფერია, - ამბობს ხანგოშვილი.
მისი ინფორმაციით, ჩეჩენი წარმოშობის მამაკაცი, სავარაუდოდ, რუსების წინააღმდეგ იბრძოდა და პრობლემები ჰქონდა ასევე კადიროვთან, რის გამოც, არ გამოირიცხება, რომ ის საქართველოს თავს სხვა სახელითა და გვარით აფარებდა.
მართლია, ბოდიშიც მომიხადეს და პატივისცემაც გამოხატეს, მაგრამ ჩხრეკა არ იყო აუცილებელი. თვითონაც იცოდნენ, რომ სახლიდან ვერაფერს წაიღებდნენ. ვერ გეტყვით, რა შედეგზე გავა გამოძიება. მხოლოდ დასრულების შემდეგ ვიმოქმედებ, როგორც ჩავთვლი საჭიროდ. სახელმწიფოს თავისი სტრატეგია და მოქმედების წესი აქვს, არაფერი მაქვს სასაყვედურო. ამიტომაც, არ გამიწევია არანაირი წინააღმდეგობა. ერთადერთი, რაც ამ პიროვნების შესახებ ინფორმაცია მაქვს, რუსების წინააღმდეგ მონაწილეობდა და კადიროვთან ჰქონდა პრობლემა. ადრე ესეც არ ვიცოდი, და სავარაუდოდ, აქ იმალებოდა. ძალიან კონტაქტური, თავაზიანი და ჩვენი ადათ- წესების მცოდნე იყო. გულთან ახლოს მივიტანე ყველაფერი. ვნახოთ გამოძიება რას დაადგენს, ეს ძალიან არასასიამოვნო ფაქტია ჩემი ოჯახისათვის,- აცხადებს ხასო ხანგოშვილი.
შეგახსენებთ, 12 ივნისს, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა პანკისის ხეობის უხუცესის, ხასო ხანგოშვილის სახლში. დაკავებული ჩეჩენი წარმოშობის მამაკაცი ხანგოშვილის ვაჟის მეგობარია და წინა ღამეს მათთან ხეობაში სტუმრად იმყოფებოდა. ფაქტის დეტალებს ამ დრომდე ასაიდუმლოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ავტორი: ია გულიაშვილი