ნუგზარ ფუტკარაძის ადგილს მისი შვილი დაიკავებს, "ოცნებას" მოვუწოდებ კანდიდატურა მოხსნას - ხაჯიშვილი

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრობის" დეპუტატი, დავით ხაჯიშვილი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, ბათუმში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე მათმა კანდიდატმა უარი თქვას. ამ თემაზე მან განცხადება პლენარულ სხდომაზე გააკეთა და "ოცნებას" კიდევ ერთხელ შეახსენა ნუგზარ ფუტკარაძის საქმე, რომელიც ამ დრომდე გამოუძიებელია.

"ვფიქრობ ძალიან გინდათ დავიწყებას მიეცეს ჩვენი თანამებრძოლის, პატრიოტის, ბატონი ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობის საქმე, ინტენსიური შანტაჟისა და ძალადობის მსხვერპლი იყო ბატონი ნუგზარი და ბოლოს ვეღარ გაუძლო. ამ დრომდე გამოძების შესახებ არაფერი ვიცით, მოვითხოვ, დროულად გამოიძიოს ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობა. პირობას ვაძლევ ქართველ ხალხს, დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან. 

2 აპრილს შუალედური არჩევნებია ბათუმში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნებია არა მარტო ჩვენთვის, არამედ ბათუმელებისთვის, მთელი ბათუმისთვის ეს იქნება ღირსების არჩევნები. ბატონი ნუგზარის ადგილის დაიკავებს მისი ღირსეული შვილი, მათე ფუტკარაძე, მოვუწოდებ "ქართული ოცნების" კანდიდატს, მოხსნას თავისი კანდიდატურა, არ მიიღოს მონაწილეობა ამ სიბინძურეში, არ იქნება გამართლებული არც პოლიტიკურად, არც კაცურად, არც ეკადრება ბათუმელს", - თქვა ხაჯიშვილმა. 

​ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ენმ-ში ამბობენ, რომ მან ზეწოლასა და შანტაჟს ვერ გაუძლო და ნერვიულობის ნიადაგზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" 24 ნოემბერს აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რითიც დასტურდება, რომ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ენმ-დან წასვლისა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ. ფუტკარაძესთან მოსალაპარაკებლად ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციის მაღალჩინოსნები მიაგზავნეს. ოპოზიცია საქმეში თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის მონაწილეობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

ფუტკარაძის წასვლით, ოპოზიციას საკრებულოში უმრავლესობა დაეშლებოდა. ჩანაწერები თავად ფუტკარაძემ გააკეთა და გიორგი კირთაძეს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გადასცა.

მათე ფუტკარაძის კანდიდატურა ოპოზიციამ ბათუმელებს შაბათს წარუდგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი