ჯერჯერობით უცნობია დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიცია ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავის მაჟორიტარობაზე. ხელისუფლების ოპონენტები კონსულტაციებს იწყებენ და სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სწორედ მყარი კონსულტაციების შემდეგ მიიღებს მთავარი ოპოზიციური პარტია გადაწყვეტილებას, "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლის, პაატა მანჯგალაძის თქმით, მათ ბადრი ჯაფარიძის მიმართ წინააღმდეგობა არ აქვთ, თუმცა კონსულტაციებს გაივლიან.
ამ ეტაპზე "ლელოს"მხარს არ უჭერს გახარიას პარტია, თუმცა როგორც "საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, შუალედურ არჩევნებამდე "ჯერ დიდი დროა".
"ქართულ ოცნებაში" კი დარწმუნებული არიან, რომ რუსთავის მოსახლეობა უარს ეტყვის ადამიანს, რომელსაც "კრიმინალთან აქვს შეხება" - "პირდაპირ გეუბნებით, რომ რუსთავში, რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით უარს ეტყვის პარლამენტში ისეთი ადამიანების მოხვედრას, რომელთაც კრიმინალთან აქვს შეხება" - ამბობს გივი მიქანაძე.
მას შემდეგ, რაც ბადრი ჯაფარიძეს "ოცნების" პარლამენტმა დეპუტატობა ჩამოართვა, "ლელომ" ის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა. ჯაფარიძე ისევ დეპუტატობისთვის იბრძოლებს.
რაც შეეხება მანდატის შეწყვეტას, ამ გადაწყვეტილებას ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.