არ შემიძლია ავხსნა საქართველოს მთავრობის პასიურობა - ბენ ჰოჯესი 

გამოქვეყნდა:

ამერიკელი სამხედრო ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი შავი ზღვის აუზში შექმნილ ვითარებას აფასებს და ამბობს, რომ სიტუაცია საქართველოსთვის ქმნის შესაძლებლობას დასავლეთს აუხსნას რატომაა ასეთი დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის. 

"მთავარ არხთან" ინტერვიუში ის ამბობს, რომ ახლა რეგიონში უკრაინის გარშემო შექმნილი კრიზისის გამო უპრეცედენტო ვითარებაა.

"შექმნილი ვითარება უკრაინის გარშემო საქართველოსთვის ქმნის შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ აუხსნას დასავლეთს რატომ აქვს მას ასეთი დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა, რატომაა შავი ზღვა ასეთი მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის და აშშ-სთვის და მე იმედი მაქვს, რომ საქართველო ემზადება ამის ასახსნელად და ფიქრობს ამაზე" - თქვა ბენ ჰოჯესმა.

ჰოჯესი "მთავარ არხთან", გადაცემა "დღის სტუმარში" აღნიშნავს, რომ დღეს და ხვალ ამერიკის კონგრესში ორ მოსმენაში იღებს მონაწილეობას, რომელიც აშშ-სთვის შავი ზღვის აუზის სტრატეგიულ მნიშვნელობას ეხება. მისი თქმით, საქართველო ევროპასა და აზიას შორის კარიბჭეს წარმოადგენს და აქ ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალია.

"არ შემიძლია ავხსნა საქართველოს მთავრობის პასიურობა ამ მიმართულებით. ალბათ უნდა არსებობდეს რაიმე ახსნა იმისა, რომ ერი, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი რესურსი, რატომ უნდა იკავებდეს თავს მეტი აქტიურობისგან. რა თქმა უნდა, კრემლს არ უნდა დასავლეთის ყურადღება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისადმი. ანაკლიის პორტის პროექტი რომ შემდგარიყო, საქართველო ნამდვილად შეასრულებდა რეგიონში საკუთარ სტრატეგიულ მნიშვნელობას და იქნებოდა ლოჯისტიკური ჰაბი. რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამ ჩავარდნილი პროექტი შესახებ, უფრო დ უფრო იმედგაცრუებული ვარ, რადგან პოტენციალი ამ პროექტს უზარმაზარი ჰქონდა", - თქვა ჰოჯესმა.

მისივე განცხადებით, თუ ამ მდგომარეობით საქართველოს არ შეუძლია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, მაშინ ის ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი:

"თქვენ იმიტომ კი არ ჩამორჩებით, რომ არ იცით რა უნდა გაკეთდეს, არამედ ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები რომლებიც მმართველ პოზიციებზე არიან გადაწყვიტეს, რომ უცხოური ინვესტიციები და ქვეყნის სტრატეგიულობის გაზრდა არ წარმოადგენს პრიორიტეტს ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით"- აღნიშნავს ის.

ჰოჯესი ამბობს, რომ ეკონომიკის თვალსაზრისით სინგაპურის ნიშნულამდე მიღწევას მმართველი ძალის სწორი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება, რომელიც ეგოიზმით არ იქნება ნაკარნახევი. მისივე თქმით, საქართველომ შავი ზღვის ქვეყნებთან ერთად უნდა იმუშაოს, რომ ერთ ხმაში ელაპარაკოს ბრიუსელსა და ვაშინგტონს. 

ჰოჯესის აზრით, პირველ რიგში საჭიროა გამჭვირვალე ბიზნეს სექტორი და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ფულს არავინ ჩადებს.

ინტერვიუ ჩაწერა დემნა დევდარიანმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი