
ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მზად არიან, ისაუბრონ რუსეთთან, თუ ის მზადაა, დიპლომატიას შანსი მისცეს. ამ თემაზე მან მედიასთან ბრიუსელში ისაუბრა, სადაც თავდაცვის მინისტერიალი დაიწყო.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო ყველაზე უარესი სცენარისთვისაც მომზადებულია.
"ჩვენ ვმუშაობთ საუკეთესო, მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტისთვის, მაგრამ ასევე მზად ვართ ყველაზე უარესისთვის, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრას უკრაინაში", - თქვა სტოლტენბერგმა.
ამასთან ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა რუსეთს, ნამდვილად გააკეთონ ის, რასაც ამბობენ და რეალურად დაიწყონ დეესკალაცია, ძალების გაყვანა, რაც საუკეთესო წვლილი იქნება დაძაბულობის შესამცირებლად. მისივე თქმით, ალიანსს სურს, იხილოს რუსული ჯარების გრძელვადიანი გაყვანა.
ცნობისთვის, რუსეთი კვლავ უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას აპირებს. მიუხედავად ამისა მოსკოვს უკრაინის საზღვრებთან 100 000-ობით ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. 15 თებერვალს რუსეთმა თქვა, რომ მისი სამხედრო ჯარების ნაწილი ბელარუსში წვრთნებს ასრულებს და მუდმივი დისლოკაციის ადგილს უბრუნდება. დასკვნითი ღონისძიება 19 თებერვალსაა დაგეგმილი.