სპორტის სამინისტრო კარატეს ფედერაციის უკვე ყოფილ პრეზიდენტს, კახა ბასილიას პასუხობს და აცხადებს, რომ მედიებმა მასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ბასილია უწყების მხრიდან იდევნება.
უწყება მას კონტრბრალდებებს უყენებს და "პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებების" დახმარებით, "ჩადენილი დანაშაულის გადაფარვაში" ადანაშაულებს.
"სინამდვილეში, კახა ბასილიამ, რომელიც, ბრალდებულუს სტატუსით დისტანციურად ესწრებოდა სასამართლო სხდომებს, იცის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენის საფუძველზე, თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით, მას მისჯილი აქვს 4-წლიანი პატიმრობა. ის სწორედ ამიტომ, პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებების დახმარებით ცდილობს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გადაფარვას და პოლიტიკური ნიშნით დევნილის მანტიის მორგებას.
ინფორმაციისთვის, განაჩენით დადგენილია, რომ კახა ბასილიამ, კარატეს ფედერაციის პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში, 2018 წლის მარტში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მოითხოვა რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში სპორტსმენების მონაწილეობის დაფინანსება. ამ მიზნით, ბასილიამ სამინისტროს წარუდგინა გასაწევი ხარჯების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც სამინისტროსგან ზემოხსენებული მიზნით მიიღო 248 871.96 ლარი. ამ თანხიდან დანიშნულებისამებრ დახარჯა 112 183.76 ლარი, ხოლო დანარჩენ თანხას - 136 688.2 მოტყუებით დაეუფლა", - წერია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო ამბობს, კანონის თანახმად ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ნასამართლევი პირი.
"მიმდინარე წლის 4 თებერვალს, კახა ბასილიამ სპორტის სამინისტროში წარმოადგინა 26 იანვრით დათარიღებული განცხადება, რომლის საფუძველზეც დატოვა ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა მანამ, სანამ ის კანონით დადგენილი წესით იქნებოდა გადაყენებული.
შესაბამისად, ამ თემაზე ნებისმიერი ინტერპრეტაციები კახა ბასილიას მხრიდან მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - თავი აარიდოს მართლმსაჯულებას და მის მიმართ დამდგარი განაჩენი პოლიტიკურ დევნად წარმოაჩინოს, რაშიც მას პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებებიც ეხმარებიან", - წერს სამინისტრო.
"მთავარ არხთან" კახა ბასილია ამბობს, რომ თანამდებობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის უშუალო ჩარევით დაატოვებინეს.