უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მშვიდობის დამყარებისთვის, მაგრამ მიუხედავად საჯარო განცხადებებისა, რუსული მხარე არ იჩენს რეალური საუბრის მზაობას - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მარიუპოლში, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

„როგორც კი რუსეთი საჯაროდ იტყვის, რომ მზად არის ისაუბროს დეესკალაციაზე, მზად არის ისაუბროს ორმხრივ ურთიერთობებზე, ყოველ ჯერზე ჩვენ ვთხოვთ რუსეთს შეხვედრის გამართვას ამა თუ იმ ფორმატში. მაგრამ, გარდა საჯარო პოზიციისა, რეალურად ჩვენთან კომუნიკაციის სურვილი არ აქვთ, არ სურთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სახელმწიფოს მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ, როგორც პასუხისმგებელმა ქვეყანამ, წარმოადგინა ოფიციალური მოთხოვნები და ცდილობდა დაკავშირებოდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, როდესაც უკრაინის საზღვრებზე ესკალაციის რისკები გაიზარდა რუსული ჯარების გამრავლების გამო.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ასევე დაინტერესებულია სხვა ქვეყნების ინიციატივებით, რომლებიც სთავაზობენ რუსულ მხარესთან შუამავლობას:

"ჩვენ დაინტერესებული ვართ. მე არ მითქვამს უარი არც ერთი ქვეყნისთვის, რომელმაც ეს შემოგვთავაზა. უფრო მეტიც, ჩვენ თვითონ შევთავაზეთ ეს გარკვეულ ქვეყნებს. ჩვენ დაინტერესებული ვიყავით რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების სხვადასხვა ფორმატით", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი