რუსეთი ცდილობს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის საბაბი შექმნას - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საბაბის შექმნას ცდილობს - ამ განცხადებით სტოლტენბერგი დონბასში მომხდარ დაბომბვას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსული ძალების გაყვანის ნიშნები არ დაუფიქსირებია.

„მიუხედავად მოსკოვის განცხადებებისა, ჩვენ ჯერ არ გვინახავს გაყვანის ან დეესკალაციის ნიშნები. პირიქით, როგორც ჩანს, რუსეთის გაძლიერება გრძელდება. ჩვენ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. მოვუწოდებთ რუსეთს გააკეთოს ის, რასაც ამბობს და გაიყვანოს მისი ძალები უკრაინის საზღვრებიდან.  ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტისკენ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც სტოლტენბერგმა თქვა, ტენდენცია მიუთითებს რუსული ძალების მუდმივ ზრდაზე, თუმცა ზოგიერთი ქვედანაყოფი ზოგჯერ უკან იხევს და მათ ადგილს სხვა ძალები იკავებენ - „ის, რომ საბრძოლო ტანკი იტვირთება მატარებელში და მოძრაობს გარკვეული მიმართულებით, არ ადასტურებს, რომ ჯარების გაყვანა ხდება" - ამბობს სტოლტენბერგი.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთი ცდილობს შექმნას საბაბი უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმისთვის" -  განაცხადა სტოლტენბერგმა

​მისივე თქმით, უკრაინაში, კერძოდ დონბასში ბევრი რუსი ჯაშუში იმყოფებდა. გარდა ამისა, რუსეთს საკმარისი ჯარი და შესაძლებლობები აქვს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის ყველგვარი გაფრთხილების გარეშე.

შეგახსენებთ, ლუგანსკში დღეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საბავშვო ბაღი დაბომბეს. ბოლო ცნობებით, შემთხვევის დროს იქ ბავშვებიც იმყოფებოდნენ აღმზრდელებთან ერთად.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი