
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მიიღო მოწვევა და მზადაა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მომავალი კვირის ბოლოს შეხვდეს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეხვედრა იმ პირობით შედგება, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი ამბობს, რომ თუ რუსეთი უახლოეს დღეებში უკრაინას თავს დაესხმება, ცხადი გახდება, რომ ისინი არასოდეს იყვნენ სერიოზულები დიპლომატიის მიმართ. მისივე თქმით, სჯერათ, რომ დიპლომატია და დიალოგი კრიზისის გადაწყვეტის ერთადერთი პასუხისმგებლიანი გზაა.
უკრაინის გარშემო სიტუაცია კვლავ დაძაბულია. 17 თებერვალს სტანიცა ლუგანსკში საოკუპაციო ძალებმა საბავშვო ბაღი დაბომბეს. არსებული ცნობებით, შენობაში ბავშვები იმყოფებოდნენ, დაშავებულია 2 ზრდასრული პირი.
აშშ-ში ამბობენ, რომ რუსეთი მსგავსი ქმედებებით ცდილობს, თავდასხმის საბაბი შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრაზე ინფორმაციას უარყოფს, დასავლეთს ომის მოლოდინი აქვს. 15 თებერვალს მოსკოვმა თქვა, რომ ბელარუსთან ერთად სამხედრო წვრთნების შემდეგ ჯარები მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნდებოდნენ. სამხედრო წვრთნების დასკვნითი ღონისძიება 19 თებერვალსაა დაგეგმილი. ამ დრომდე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ რუსული სამხედრო ნაწილებია მობილიზებული.