ჩვენ რუსეთს მისი ქმედებების მიხედვით განვსჯით - G7 ქვეყნების საგარეო მინისტრები

გამოქვეყნდა:

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთსა და უკრაინაზე საერთო განცხადებას ავრცელებენ.  ისინი რუსეთს დეესკალაციის, დიპლომატიური გზის არჩევისა და უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ დიდი შვიდეულის ქვეყნების: კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები, კვლავ ღრმად შეშფოთებული ვართ რუსეთის სახიფათო სამხედრო მობილიზების გამო უკრაინის საზღვრებთან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმსა და ბელარუსში. 

რუსეთის მხრიდან არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო ძალების მობილიზება, რომელიც ცივი ომის შემდეგ,  ევროპის კონტინენტზე ყველაზე დიდი სამხედრო მობილიზებაა, გამოწვევაა გლობალური უსაფრთხოებისა და საერთაშორისო წესრიგისთვის.

მოვუწოდებთ რუსეთს, დიპლომატიური გზის არჩევის, დეესკალაციის, უკრაინის საზღვრიდან ძალების გაყვანისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის რისკის შემცირებისა და სამხედრო მოქმედებებისგამჭვირვალობისკენ. რუსეთისგან პირველ ნაბიჯად, ჩვენ ველით, უკრაინის საზღვართან სამხედრო მოქმედებების შემცირების შესახებ მათივე განცხადების სისრულეში მოყვანას. ამ შემცირების არანაირი მტკიცებულება არ გვინახავს. ჩვენ რუსეთს მისი ქმედებების მიხედვით განვსჯით",- წერია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთთან დიპლომატიური დიალოგისთვის მზად არიან და რუსეთს მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღოს აშშ-რუსეთს შორის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგში და NATO-რუსეთის საბჭოსა და ეუთოსთან დიალოგში.

ამასთან, დიპლომატები რუსეთს აფრთხილებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ სამხედრო აგრესიას მასიური შედეგები მოჰყვება, მათ შორის, ინდივიდუალური და დარგობრივი ფინანსური და ეკონომიკური სანქციები, "რაც სერიოზულ და უპრეცედენტო ხარჯებს დააკისრებს რუსეთის ეკონომიკას". 

G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინელი ხალხი მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ და კიდევ ერთხელ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

"კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და უსაფრთხოების ღონისძიებები. მივესალმებით უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას მუდმივი პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის მცდელობის ფონზე",- წერია ოფიციალურ განცხადებაში.

საერთო განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრები შეშფოთებას გამოთქვამენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებით და გმობენ მძიმე შეიარაღებების გამოყენებასა და დასახლებული პუნქტების დაბომბვას. 

დიპლომატები ასევე გმობენ, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს უკრაინის არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის რუსული პასპორტის გადაცემას. "ეს ცხადად ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმების სულისკვეთებას",-წერია განცხადებაში.

"ჩვენ განსაკუთრებით გვაწუხებს  ის ზომები, რასაც თვითაღიარებული "სახალხო რესპუბლიკები" მიმართავენ. ეს ქმედებები უნდა აღვიქვათ, როგორც ნიადაგის მომზადება სამხედრო ესკალაციისთვის. ჩვენ ვღელავთ, რომ ინსცენირებული ინციდენტები შესაძლოა გამოყენებულ იქნას სამხედრო ესკალაციის საბაბად. რუსეთმა უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა ამ თვითაღიარებულ რესპუბლიკებზე და შეაკავოს ისინი და დაიწყოს დეესკალაცია",- ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი