
ევროკავშირი გმობს მძიმე შეიარაღების გამოყენებასა და სამოქალაქო ტერიტორიების განურჩევლად დაბომბვას, რაც წარმოადგენს მინსკის შეთანხმებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევას - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ესკალაციას ემატება ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ზრდა.
ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ მიესალმება უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას მუდმივი პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის მცდელობების ფონზე.
"ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ ინსცენირებული მოვლენები, როგორც ეს ახლახან აღინიშნა, შეიძლება გამოყენებულ იქნას შესაძლო სამხედრო ესკალაციის საბაბად. ევროკავშირი, ასევე, მოწმეა ინფორმაციის მანიპულირების მცდელობების გააქტიურებისა, რათა გაამართლონ მიზნები", - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, ევროკავშირი უსაფუძვლოდ მიიჩნევს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ე.წ. მთავრობების ბრალდებებს უკრაინის მხრიდან შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით.
ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ მტკიცედ უჭერს მხარს ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიისას უკრაინაში, რომლის დამკვირვებლები მთავარ როლს ასრულებენ დეესკალაციის მცდელობებში.
ცნობისთვის, 18 თებერვალს დონეცკში, სეპარატისტების ლიდერმა მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაცია გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. ევაკუირებული მოსახლეობის პირველი ნაწილი როსტოვში გუშინ ღამე გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებს ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები ტოვებენ. დონეცკის სახალხო მილიციის წარმომადგენელმა, ედუარდ ბასურინმა აღნიშნა, რომ 700 000 მოქალაქის ევაკუაცია იგეგმება.