დღეს, 22 თებერვალს ცხინვალში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ყოფილი ჯარისკაცის, მამუკა ჩხიკვაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
პროცესის შემდეგ გადაწყდება, დარჩება თუ არა ის უკანონო პატიმრობაში.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა აღნიშნავს, რომ ჩხიკვაძეს რუსული კანონმდებლობით გაასამართლებენ და შესაძლოა მინიმუმ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ.
"მოვუწოდებ საზოგადოებას, თუ ეს პესიმისტური პროგნოზი გამართლდება, გავაქტიურდეთ. ჩვენი ხელისუფლება რჩება იმ ფორმალურ ბერკეტებში, რომელთა გამოყენებითაც, სინამდვილეში, ჩვენი მოქალაქეების დახსნა ვერ მოხერხდება", - ამბობს დავით ქაცარავა.
ცნობისთვის, მამუკა ჩხიკვაძე ოკუპანტებს არარსებული საზღვრის კვეთისა და "ნარკოტიკული ნივთიერების გადატანის" ბრალდებით ჰყავთ დაკავებული და 2 თვიანი "წინასწარი პატიმრობა" აქვს შეფარდებული. ის 12 დეკემბერს გაიტაცეს. ჩხიკვაძის ახლობლებსა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს აქვთ ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია.