
"პუტინის მტკიცება, რომ რუსული ძალები, რომლებიც ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში შედიან, "სამშვიდობოები" არიან, სისულელეა! ვიცით, სინამდვილეში რაც არიან ისინი" - ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა.
"პუტინის მტკიცება, რომ რუსული ძალები, რომლებიც დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში შედიან, სამშვიდობოები არიან, სისულელეა, ვიცით სინამდვილეში რაც არიან ისინი. პუტინის მიზანი ომის საბაბის შექმნა იყო და შესაბამისად, დაუყონებლივ გამოაცხადა რუსული ჯარების დონბასში შეყვანა. რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ უკრაინა დასავლეთისგან ბირთვულ იარაღს ეძებს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამერიკა და მისი მოკავშირეები არ აპირებენ მიაწოდონ უკრაინას ბირთვული იარაღი და არც უკრაინას სურს ეს",- ამბობს გაეროში აშშ-ის ელჩი, ლინდა თომას-გრინფილდი.
სხდომა შუაღამისას - თავად უკრაინული მხარისა და ევროპელი ლიდერების მოთხოვნის შემდეგ დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა. გაეროში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება შეიძლება, ჩაითვალოს რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებიდან ცალმხრივ გამოსვლად:
"უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები იყო და დარჩება უცვლელი. მიუხედავად რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი ქმედებებისა და განცხადებისა. მიღებული გადაწყვეტილების შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ნაწილების აღიარება შეიძლება, ჩაითვალოს რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებიდან ცალმხრივ გამოსვლად",- თქვა გაეროში უკრაინის ელჩმა, სერგეი კისლიცა.
რაც შეეხება რუსეთს, სხდომაზე ელჩმა მილიტარისტულ გეგმებში კვლავ უკრაინა დაადანაშაულა და დასავლეთს მოუწოდა, არ გააუარესონ სიტუაცია. მისი თქმით, კიევი დონეცსკსა და ლუგანსკში პროვოკაციას აწყობს.
ელჩის განცხადებით, რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, მინსკის შეთანხმების მხარეთა შემადგენლობას არ ცვლის.
"მინდა, მოვუწოდო ჩვენს დასავლელ კოლეგებს განზე გადადონ ემოციები და არ გააუარესონ სიტუაცია. ვერავინ თქვენ გარდა ვერ შეაჩერებს კიევის მილიტარისტულ გეგმებსა და აიძულებს მას შეწყვიტოს დაბომბვა და პროვოკაცია დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ, რასაც ახალ პირობებში შეიძლება, განსაკუთრებით საშიში შედეგები მოჰყვეს. ის ფაქტი, რომ რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, მინსკის შეთანხმების მხარეთა შემადგენლობას არ ცვლის. რუსეთი ამ შეთანხმებაში მხარეს არ წარმოადგენს და შესაბამისად არაფერი შეცვლილა ამ კუთხით. ჩვენ ღია ვართ დიპლომატიის მიმართ, თუმცა დონბასში ახალი სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის დაშვებას არ ვაპირებთ",- ამბობს გაეროში რუსეთის ელჩი, ვასილი ნებენზია.
ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ.