ნატომ და აშშ-მ 2008 წლის გაკვეთილი ცუდად ისწავლეს - ეს განცხადება უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
მედვედევმა დონბასის რესპუბლიკის აღიარებაზე საუბრის დროს პარალელი გაავლო საქართველოსთან და თქვა, რომ ნატომ და შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგაც კი ვერ ისწავლეს გაკვეთილი.
„2008 წელს მომიწია რთული გადაწყვეტილების მიღება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. სამხედრო ძალითა და პოლიტიკური ნებით რუსეთმა გადაარჩინა ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე და ამ გზით გაკვეთილი ასწავლა ნატოს, შეერთებულ შტატებსა და ყველას, ვისაც აგრესიული ზრახვები ჰქონდა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. თუმცა, ნატოში ეს გაკვეთილი ცუდად ისწავლეს და განაგრძეს რუსეთის საზღვრებთან ცინიკურად და უცერემონიოდ მოახლოება, გააფართოვეს ალიანსის პოტენციური წევრების წრე“, - თქვა მან.
ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ.