
უკრაინის ელჩმა გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომაზე აჩვენა 2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისა და დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარების შესახებ, რუსეთის პრეზიდენტის იდენტური ბრძანებები
„გაერო დღეს ავადაა. ეს ფაქტია. კრემლის მიერ გავრცელებული ვირუსი უტევს. დანებდება ამ ვირუსს? ეს წევრების გადასაწყვეტია. დღეს კრემლმა სიტყვა-სიტყვით გადმოიტანა ასლი 2008 წლის ბრძანებიდან საქართველოს შესახებ. სიტყვა-სიტყვით, არანაირი კრეატიულობა. ასლის გადამღები აპარატი კრემლში ძალიან კარგად მუშაობს. ვინ არის შემდეგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებიდან? კითხვა ღიაა“, მიმართა კისლიცამ გაეროს წევრ სახელმწიფოებს.

ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ.
ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. "დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ამერიკა ამბობს, რომ ეს არაა ის მკაცრი ეკონომიკური სანქციები, რომლებსაც რუსეთს დაუწესებენ და ამის შესახებ მომავალში მეტი დეტალი გახდება ცნობილი.