„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სასამართლოში მის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში გიორგი ვოლსკის ადანაშაულებს.
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სამი თავდამსხმელი, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა, ვოლსკის შტაბის წევრია, ამიტომ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და საპარლამენტო მანდატი დატოვოს.
ნიკა გვარამიას ბრალდებებზე დასმულმა კითხვამ გიორგი ვოლსკი დღეს წყობიდან გამოიყვანა, „ქართული ოცნების“ ლიდერს არ უთქვამს, რა კავშირი აქვს გვარამიას თავდამსხმელებთან, ან იცნობს თუ არა მათ. კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, გიორგი ვოლსკი დღეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს თავს დაესხა.
ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებას ორმაგი სტანდარტი აქვს. მათ ანრი ოხანაშვილის საქმე მოჰყავთ მაგალითად, როდესაც „ოცნების“ დეპუტატის გინებაში ბრალდებული რესტორანშივე დააკავეს, ნიკა გვარამიაზე ჯგუფურ თავდასხმაში ბრალდებულები კი ამ დრომდე სახლში არიან.
ნიკა გვარამია დღესვე ექსპერტიზისთვის სამხარაულის ბიუროში გადაიყვანეს. „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ გამოძიება ფორმალური პროცედურების სრული დაცვით მიმდინარეობს, თუმცა ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
პარლამენტის თავმჯდომარე კი ნიკა გვარამიაზე ძალადობას გმობს, თუმცა „მთავარი არხის“ დამფუძნებელს ვოლსკის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების გამო აკრიტიკებს.
ნიკა გვარამიაზე თავდასხმა სასამართლოს ეზოში მაშინ მოხდა, როდესაც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი არხის მფლობელის გიორგი რურუას პროცესზე მივიდა და საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. ამიტომ ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი აპირებს ევროპის ადვოკატთა ასოციაციას დახმარების თხოვნით მიმართოს.
ეს არ არის ნიკა გვარამიაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა, თუმცა ხელისუფლება თავდამსხმელებს ან არ აკავებს ან ბრალის წარდგენის შემდეგ, ჯარიმით ათავისუფლებს.